ნავთის ტალონი

(ნამდვილი ამბავი)

ერთი ომისდროინდელი მოგონება მოსვენებას არ მაძლევს.
დიდი გაჭირვება იყო მაშინ.
ჩვენი თბილისის ბავშვობიდან ნაცნობ ლამაზ სახეს თეთრი ზოლებით ჯვარედინად გადახაზული ფანჯრის მინები და მოქალაქეთa გრძელი რიგები აუშნოებდა, რაღაც სხვანაირ იერს აძლევდა.შესაბრალისს ხდიდა. რიგები ყველგან იდგა: მაღაზიებთან, სასადილოებთან, კიოსკებთან... საქონელი და სურსათი ტალონებზე იყიდებოდა: პური, საპონი, ნავთი... ჰოდა ამ ნავთის თაობაზე მინდა გიამბოთ. ორიოდე ლიტრას იძლეოდნენ თითო ტალონზე და სარდაფებთან, სადაც ნავთი იყიდებოდა, განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყრიდა თავს...
ჩვენ მაშინ - ”ვარანცოვის” ძველ უბანში ვცხოვრობდით.
რიყის ქვით მოკირცხული ვიწრო ქუჩები, რკინის ჭიშკრები და აივნიანი სახლები, რომელთა შორის ევროპელი ჯენტლმენებივით ლამასფასადიანი; ”ასაბნიაკები” ჩამდგარიყვნენ თავიანთი ბნელი სადარბაზოებით, თუჯის მოაჯირიანი მარმარილოს კიბეებით, მოზაიკური იატაკით, სადაც ჩემთვის გაუგებარი და იდუმალი სიტყვა - ”სალვე” იყო გამოყვანილი...
ქუჩის ოღროჩოღრო  ტროტოარზე. კედლის ძირში (ფეხით მოსიარულეთათვის ხელი რომ არ შეეშალათ) ხალხი ჩამწკრივებულიყო და მათი რიგი უზარმაზარ მახრჩობელა გველს ჰგავდა. ამ მახრჩობელას პირდაღებული თავი სარდაფის ჩასასვლელს იყო მიბჯენილი,
ტანი ახლო მოსაზღვრე ქუჩებში გართხმულიყო, კუდი კი მთელ კვარტალს შემოტმასნოდა
და ღმერთმა იცის, სად თავდებოდა! ალაგ-ალაგ რიგში. ადამიანთა ადგილი ნავთის ბიდონებს ეკავა ან სხვა სახის ნიშანი იდო, - დაჟანგებული კონსერვის კოლოფი,  ქვა ან აგური. ზედ ისევე როგორც რიგში მდგომი მოქალაქის ხელისგულზე ან მაჯაზე ქიმიური
ფანქრით, (რომ არ წაშლილიყო!) რიგითი ნომერი ეწერა. რიგი საშინლად ხმაურობდა. ის
ხმაური, ყაყანი და ღრიანცელი - ომის დროინდელი თბილისის განუყრელი თვისება - სამუდამოდ შერჩა ჩემს მეხსიერებას...
იმ დღეს , ჩვენს ქუჩაზე, ნავთის რიგში ერთი სანდომიანი სახის ქალი იდგა. მოხუცი არ იყო
თუმცა თმა  მთლად გასჭაღარავებოდა და გარეგნობით მუსიკისა ან უცხო ენის მასწავლებელს ჰგავდა. იგი,ეტყობა, კარგა ხანია ჩამდგარიყო ნავთის რიგში. ნავთის მოლოდინში ღამეც გაეთია,და ამიტომ დღისით ახალგაზრდა ყმაწვიოლი, მისი შვილი ენაცვალეოდა ხოლმე. იგი მოირბენდა, მორიდებით რაღაცას ჩასჩურჩულებდა დედას, შინისკენ გაისტუმრებდა და მის ადგილს დაიკავებდა. იქვე ახლოს ცხოვრობდნენ, სანავთე წერტის პირდაპირ...
შუადღე გადასული იყო, როცა დედა-შვილის რიგმა სარდაფამდე მიაღწია. ამ დროს რიგში ყმაწვილი იდგა, ის მორიგეობდა. სწორედ ის ჩავიდა სარდაფში, თავისი კუთვნილი ნავთის ულუფა მიეღო, გამოვიდა გარეთ და ნავთის ტალონებს რომ დახედა, გახარებულმა სახლისაკენ მოკურცხლა; ”დედა, დედა! - მიაძახა კარშივე დედას, - მენავთეს ტალონის მოხევა დაავიწყდა ხვალაც შეგვიძლია მივიღოთ ნავთიო! ” ქალი რაღაც ხელსაქმით იყო გართული. მან თავი ასწია. შეხედა ვაჟს და სახე გაუფითრდა: ,,ეხლავე წადი და ტალონი მოახევინე! შენ რა, მისი მოტყუება გინდოდა? გრცხვენოდეს, არ მოველოდი შენგან ამას!...”
გაწბილებულმა ბიჭმა ბიდონი ძირს დადგა და სარდაფისაკენ გასწია.
მახრჩობელა გველი უფრო გასიებულიყო, თავი მთლათ სარდაფში ჰქონდა შეყოფილი და ჭუჭრუტანაც არ დაეტოვებინა შიგ შესაღწევად... ხელმეორედ მოსული ყმაწვილი რომ დაინახეს, ხალხი აყაყანა და გასწი აქედან... აკი მიიღეო, რაც გეკუთნოდა, სად მიძვრები, რომ მიძვრებიო?!. ვაჟი იფიცებოდა ნავთისათვის არ მოვსულვარ, შემიშვით, მენავთეს რაღაც მინდა ვუთხრაო... მაგრამ ვინ უსმენდა! აყალმაყალზე და  გაწევ-გამოწევაზე სარდაფიდან მენავთემ გამოიხედა და გაბრაზებულმა იკოთხა, რა გაყვირებთო, მენავთის დანახვაზე ბიჭმა  ხელი ასწია, ტალონები დაანახა და დაიძახა: ”ტალონის მოხევა დაგვიწყებიაო!” ამის თქმა იყო და ირგვლივ საოცარი, სამარისებული სიჩუმე გამეფდა.  ხალხი გაიწ-გამოიწია და ბიჭი გაატარა. მენავთე სარდაფის ჩასასვლელში იდგა, თუნუქის ჩამჩა ეჭირა ხელში, უყერებდა ბიჭს და ხმას არ იღებდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩუმად იკითხა... ”ვინ გამოგაგზავნა, ბიჭო?”- დედაჩემმა, - უპასუხა ვაჟმა. მენავთემ ჩამჩა ძირს დაანარცხა და განწირული ხმით დაიყვირა.. - დედა შენი რა, ქრისტეა?... მერე გაოფლილ შუბლზე ხელი გადაისვა და თქვა.. - წადი შენი ბიდონი მომიტანეო... სანამ ბიჭი ბიდონს მოარბენინებდა, მენავთე სარდაფის ჩაასვლელში იდგა ჩაფიქრებული. მის გარშემო შემოკრებილი ხალხიც გასუსულიყო. მერე მენავთემ ბიჭს კიდევ ერთი ულუფა ნავთი ჩაუსხა, ტალონი მოახია და მხარზე ხელის დაკვრით გაისტუმრა მუშტარი...
მე ისღა დამრჩენია დავსძინო, რომ ის ქალი განსვენებული დედაჩემი იყო, ხოლო ვაჟი-თვითონ მე გახლდით, იმხანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი...

 

გაურითმავი სტრიქონები

* * *
რაზე ვწერო? იმაზე, რაც თქვენ იცით? ეს თქვენთვის საინტერესო არ იქნება... იმაზე, რაც მე ვიცი? ეს მე არ დამაინტერესებს... მაშასადამე იმაზე უნდა ვწერო, რაც არც თქვენ იცით და არც მე ვიცი, - რაც არავინ არ იცის!

 

 * * *
ახალი აზრი არ არსებობს. თქვენი აზრი – იგივე სხვისი აზრია, თქვენს მიერ გამოთქმული.

 

* * *
სასვენი ნიშნების მტერი არა ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძახილის ნიშანი შემძულდა. ჩემი ნება რომ იყოს გავაუქმებდი, მაგრამ რა შეიცვლება ამით?

 

* * *
“არ იყო – არის - არ არის...”  -  ჩვენი არსებობის ამ ფორმულას თავსა და ბოლოში უარყოფითი  “არ”  უზის და ამ შეკრული რგოლიდან გამოსავალი არ არსებობს.

 

* * *
ყველა უფლება რომ წავართვათ ადამიანს, მარტოობისა და საკუთარი თავის გამართლების უფლება მაინც შერჩება...

 

* * *
გალაკტიონის საუბილეო კრებულში ერთი დაუთარიღებული ლექსია (პოეტის არქივში აღმოჩენილი), რომელიც საქართველოზე დაწერილ ბევრ კარგ ლექსს, ერთად აღებულს, - გადაწონის:
ქართლის ცხოვრება მძიმეა, ეკლიანია სავალი.
ცოტაა ია და ვარდი, დაბრკოლება კი – მრავალი.
წელთა დენაში, ჟამით-ჟამს იღლება, ძალა ელევა,
ღვინოც კი სისხლიანია, მოშორდი, არ დაგელევა!...

 

* * *
“ შემოქმედებითი სიმწიფე” მაშინ ეწყება მხატვარს, როცა მან კარგად იცის თავისი შესაძლებლობების ფარგლები.

 

* * *
ვინმეს უნდა ვჭირდებოდეთ, - ჩვენი არსებობა მხოლოდ მაშინ იქნება გამართული...

* * *
ორთაბრძოლაში განარჯვებულია ის, ვინც თავის “მეობას” შეინარჩუნებს...

 

* * *
ადამიანს თუ პასუხს ვაგებინებთ მისი შეხედულებების გამო, მაშინ მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმ მოვლენებისათვის, რომლებმაც ეს შეხედულებები წარმოშვეს, ეს კი აშკარა უსამართლობა იქნებოდა!

 

* * *
პირველი  შთაბეჭდილება  თითქმის  არასოდეს  არ  გვატყუებს:  ახლად
გაცნობილი  ადამიანი  გამოიყურება  ისე,  როგორიც  სინამდვილეში  არის
და  არა  ისე,  როგორიც  მას  უნდა  რომ   იყოს...

 

* * *
ადამიანი,  თუ  მას  თავისი  თავი   ყოველივე   არსებულის   ნაწილად არ  წარმოუდგენია,   არ   შეიძლება   ბედნიერი   იყოს...

 

* * *
-ბედნიერი  ხარ,   მავანო,   სიცოცხლის   მეტი  არაფერი   გაქვს  დასაკარგავი,   მე   კი   საკუთარი   ,,მეობის”   დაკარგვის   უფრო   მეშინია!

 

* * *
რაც   დრო   გადის,  ჩემში   თანდათან   უფრო   იკლებს   საკუთარი   თავისადმი   სიბრალულის   გრძნობა  და   სხვებისადმი   უფრო   მეტი   თანაგრძნობით   ვიმსჭვალები... ალბათ   ის   პირვანდელი,   ღვთაებრივი   საწყისი   იღვიძებს  ჩემში,  დასასრულს რომ ვუახლოვდები.

 

 * * *
დიდ განზოგადებულ სიმართლეს პოეტმა კერძო ფაქტის სიმართლე უნდა დაუპისპიროს და ამით მიაღწევს უდიდეს განზოგადებას.

* * *
ერთბაშად და მოკლედ ბევრს რომ იტყვი, ისაა ლექსი.

 

* * *

მე პირადად ლექსის მოსმენა არ მიყვარს: პოეზია ფერწერას უფრო ჰგავს, ვიდრე მუსიკას და მისი აღქმა მხედველობის საშუალებით ხდება.

 

* * *

რწმენა თუ არ გაგაჩნია, მახვილს ნუ ამოიღებ, რადგან ბრძოლას მხოლოდ მიზანი აკეთილშობილებს. უმიზნოდ მებრძოლი – მოღალატეზე უარესია, უფრო მეტი მიზანის მოტანა შეუძლია.

 

* * *
პოეზიაში მოყვარულებს არაფერი ესაქმებათ. მუზასთან არშიყობა არ შეიძლება. იგი უნდა გიყვარდეს თავდავიწყებით!

 

* * *

დადიხარ, ხვდები ქალებს, მათ შორის შემთხვევით შეიძლება ისიც შეგხვდეს. ვისაც შეიყვარებდი, რომ იცნობდე, მაგრამ შენ მას შემთხვევით არ იცნობ და სხვა შეგიყვარდება-ის, ვინც ასევე შემთხვევით შეგხვდა და გაიცანი... ასე, ჩვეულებრივი შემთხვევა შენი ცხოვრების ბედისწერად იქცევა... ნუთუ მარტო შემთხვევაა ის, რასაც ჩვენ ბედისწერას ვეძახით?

 

* * *
იმედი იმას ჰქვია, როცა რაღაცა გვახსოვს და რაღაცას ველოდებით.

* * *
დაეჭვების საფუძველზე გაჩენილი ცოდნა - ახალ დაეჭვებას ბადებს.

 

* * *
არასოდეს, არავის, არაფერი არ თხოვოთ! განსაკუთრებით იმათ, ვინც თქვენზე უფრო შეძლებული და ძლიერია!

 

* * *
შიშით   შეპყრობილი  -ერთია,   მშიშარა-სხვაა!
შიშმა  შეიძლება  ადამიანი  სიგიჟემდე   მიიყვანოს,   მაგრამ   ლაჩრულ,   უპატიოსნო  საქციელს   არ  ჩაადენინებს;   მშიშარა   კაცი   კი   (ბუნებით   პატიოსანიც  რომ   იყოს)  არავითარ   სისაძაგელეს   არ   მოერიდება, რომ  თავისი  სულიერი  სიმშვიდე  და კეთილდღეობა  შეინარჩუნოს!

 

* * *
მე   ხშირად   მეჩვენება,   თითქოს   რაღაც   ისეთი   ვიცი,  რაც   სხვებმა  არ   იციან,   მაგრამ რ ა   ვიცი-ვერ   მიმხვდარვარ!

 

* * *
პოეტის   არაბუნებრივ   მცდელობას – რაც   შეიძლება  უფრო   ობიექტური   იყოს, ყოველთვის    ეწინაამღმდეგება   გულწრფელი   აღსარების   ბუნებრივი   სურვილი.

 

* * *
“ღრმა   აზრი”   სრულებით   არ   ნიშნავს   იმას,   რომ   მისი   სიტყვიერი   გამოხატულება აუცილებლად   ბუნდოვანი  და   გაუგებარი   უნდა  იყოს...პირიქით -  სწორედ   რთული და   ორიგინალური  აზრი   უნდა   გამოითქვას   უბრალოდ  და   გასაგებად,   რათა   მკითხველმა   ვერ   იგრძნოს    მწერლის   “უპირატესობა”,   მიენდოს    მას  და   ადვილად გაითავისოს    მისი   ნათქვამი.

 

* * *
პირადად    შენ  რომ გსურს, იმნაირი ლექსი თუ დაწერე  - ცოტაა. იქამდე უნდა აწვალო და აჯახირო ლექსი, სანამ ისეთი არ გახდება, როგორიც მას თვითონ  უნდა  რომ  იყოს.

 

* * *
“ შთაგონება - იგივე მოგზაურობა”, ამბობდა ლორკა. მაშასადამე  კარგი ლექსი შექმნა - შორეული, სახიფათო მოგზაურობიდან შინ მშვიდობით დაბრუნებას უდრის!

 

* * *
“ გონებრივი დალტონიზმი “  შეიძლება ეწოდოს პოეტების პროფესიულ დაავადებას, როცა ისინი მართალსა და ტყუილს, სინამდვილესა და ფანტაზიას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ...

 

* * *
მწერლის ნაწარმოებში ასახული ცხოვრებისეული სიმართლე მკითხველმა ისე უნდა მიიღოს, როგორც თავისი საკუთარი გამოცდილების ნაწილი. მაშინაა მწერალი კარგი!

 

* * *
მსუქანი კაცი დიეტური რეჯიმის დაცვაზე განსაკუთრებული სიამოვნებით მაშინ ფიქრობს, როცა კარგად გამოძღება!

 

* * *
სიბერე - ცხოვრებასთან  გაჭიანურებული გამოთხოვებაა.

 

* * *
საკვირველია, მელექსე კაცი - ლექსები არ მიყვარს! ასევე ზოგიერთი თამბაქოს მწეველი კვამლს ვერ იტანს.

 

* * *

ღვინო არ დაელევა იმას, ვინც საზოგადოებრივი თუ ოჯახური მონობის პირობებში ცხოვრობს  და თავის სურვილს  იშვიათად იკმაყოფილებს. ასეთ კაცს სიმთვრალეს შეიძლება წარმოუდგენელი სიგიჟე ჩაადენინოს!

 

* * *
კარგად თუ ვიცით, რაზე ვწერთ  (მით უმეტეს, თუ სიმართლეს ვწერთ), ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გამოვტოვოთ -  მკითხველი მაინც მიგვიხვდება!

* * *

ესეც პაროდოქსივით ჟღერს, მაგრამ იშვიათი როდია შემთხვევა, როცა სიმართლე ტყუილზე უფრო დამაჯერებელია.

 

* * *
ის კაცი სულ თავის თავს უსმენდა.მაშინაც კი, როცა ვინმეს ელაპარაკებოდა!

 

* * *

,,ცოცხალიაო”, - იმ კაცზე ითქმის, ვინც მოდის, რომ სიკვდილს შეეგებოს  და არა იმაზე. ვინც დგას და სიკვდილის მოსვლას ელოდება!

 

* * *
დიდი და პატარა პასუხისმგებლობა არ არსებობს. არ არსებობს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საქმე. ყველაფერს გულით უნდა ვაკეთებდეთ, მთელი ჩვენი არსებით. ამაშია სიცოცხლის აზრი.

 

* * *
კარგ აზრს რა სჯობია! სამწუხაროდ, ყოველთვის მოიძებნება ერთი სულელი, ვინც მეთოდურად და თანამიმდევრულად აბსურდამდე მიიყვანს ამ აზრს!

 

* * *

დიდი ეპოქალური ნაწარმოები მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა მწერალი არა მარტო შერწყმულია თავის ეპოქასთან, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას...

* * *
რატომღაც მგონია,ფუჭად ვხარჯავ დროს... რასაც, ვაკეთებ, არაფერი მომწონს... საკუთარი ნიჭის შეგრძნება - დანაშაულის გრძნობას ჰგავს... როგორ გამოვისყიდო ეს დანაშაული?!

 

* * *
ფიზიკური სიახლოვე ჩემთვის -  მარტო ფიზიკური სიახლოვეა. სიყვარული ამასთან
არაფერ შუაშია. მით უმეტეს  - ”ღალატი“. ”ერთგულება” და სხვა ამისთანები!

 

* * *
დედამიწაზე იმდენი ადამიანი ცხოვრობს - ამ წუთში აუცილებლად უნდა მოკვდეს ვინმე: იმიტომ კი არა, რომ ღირსია ამის, უბრალოდ, მთელს ნაწილი უნდა მოაკლდეს...

 

* * *
ცისკრის არენაზე გამოსული ჯამბაზი ალყაში მომწყვდეულ მეომარს ჰგავს. სცენა სხვაა: ვაჟკაცურია, როგორც დუელი, მსახიობის და მაყურებლის პირისპირ შეყრა!

 

* * *
განა შეიძლება ლექსის სწორი შეფასება, როცა ვერავინ ჩაგვეზიარება იმ სიხარულში, ლექსის შექმნა რომ განგვაცდევინებს?!

 

* * *
ზოგი პოეტისთვის რითმა იგივეა, რაც უსინათლოსთვის -  ყავარჯენი!

 

* * *
ეფემერულობა და ფანატიზმი - ჩვენი საუკუნის უმთავრესი ნიშნებია : ყველანი ბეკეტის გოდოს ველოდებით!

* * *
“ყველაფრის უფლებას გაძლევთ, მხოლოდ მხოლოდ ერთვალდებულებას გიტოვებთ, -  ეუბნებოდა რომაელი იმპერატორი ქვეშევრდომებს, - გააკეთეთ რაც გინდათ, მაგრამ გააკეთეთ ისე, როგორც მე მინდაო.

 

* * *
უპატრონოა , ვისაც არავინ ჰყავს საპატრონებელი.

 

* * *
მხოლოდ ''გენაცვალესა'' და ''შენი ჭირიმეს'' შემქმნელი ერის ნაშიერს  -  ქართველ დედას თუ შეუძლია ასე მიესიყვარულოს თავის შვილს '' შენ მოუკვდი დედაშენსო''.

 

* * *
სამშობლოში დავბრუნდი, ნოსტალგიამ გამიარა, მაგრამ ახლა ნოსტალგია შემეყარა -  იმ დაკარგული ნოსტალგიის გამო!

 

* * *
ადამიანში ყველაზე მეტად თავისი თავისადმი  ირონიული დამოკიდებულება და თავისი თავის დავიწყების  უნარი მომწონს. სასაცილოა, როცა კაცი გადაჭრბებული სერიოზულობით ეპყრობა საკუთაერ პიროვნებას.

 

* * *         
უღირს მტრებთან  ბძროლაში გამარჯვების  სირცხვილს  ღირსეულ მტერთან დამარცხების  სიამაყე   განიცადო - არ ჯობია?!

           
* * *
სამწუხაროდ  სიცოცხლის  გახანგრძლივების  ერთადერთი  საშუალება - სიბერეა.

 

* * *
რატომ არის,  რომ გამოუცდელი კაცის  მიერ   ჩადენილი   უნებლიე ბოროტმოქმედება  ხშირად უფრო სასტიკია, ვიდრე  გამოცდილი ბოროტმოქმედის დანაშაული?

 

* * *
მიზნის  მისაღწევად    მარტო ის    საშუალება   ვარგა, რომლის გამოყენების  შედეგად მიღწეული მიზანი  თავის პირვანდელ   სიწმინდესა და მნიშვნელობას არ დაკარგავს.

 

* * *
ისტორია - ჩვენი თანამედროვეების მიერ წარსულში გათამაშებული წარმოდგენაა

 

* * *
პატივმოყვარე პოეტი სიტყვით მოვაჭრესა ჰგავს, რომელსაც ავიწყდება, რომ პირადი ინტერესების სასწორზე კაცობრიობის კეთილდღეობა ვერ აიწონება. პინაზე შენი საკუთარი სიცოცხლე უნდა დადო

 

* * *
საკვირველია, მაგრამ სწორედ სიმართლის ცოდნა აიძულებს ადამიანს მოიტყუოს.

 

* * *
სრულყოფილი მოქალაქის აღზრდისათვის მარტო განათლება არ კმარა. ზნეობის საფუძველი  რწმენაა და არა ცოდნა .

 

* * *
ისტორია - მუნჯი კინოფილმია.ყოველი ახალი თაობა თავის ნებაზე ახმოვანებს მას და თავისი მოთხოვნილების  მიხედვით ალაპარაკებს მოქმედ პირებს. მთავარია, არტიკულაცია არ დაირღვეს: ახალი ტექსტი ისტორიულ პირთა ტუჩების მოძრაობას ემთხვეოდეს.

 

* * *
ჩეხოვის პიესებში უდიდესი სულიერი კატასტროფები ხდება, მოქმედი პირები კი ყოვლად უმნიშვნელო, წვრილმან საკითხებზე საუბრობენ. ეს გენიალური ”თავისებურება'' უაღრესად ართულებს ჩეხოვის თარგმნას.

 

 * * *
პოეზიას თურმე წინასწარმეტყველობის უნარიც გააჩნია.. .ჩემიზძოგიერთი ლექსი  ამიხდა  ცხოვრებაში, თანაც სიტყვა-სიტყვით ზუსტად ისე, როგორც დავწერე.

წავიდა მამა, მოკლე და სწრაფი
გამოთხოვება ქონდა შვილებთან
წავიდა დედა და გაწყდა ძაფი,
მშობელ სახლთან რომ მაკავშირებდა
მერე სხვა გზებით წავიდნენ სხვები
და მათი კვალი ქარმა წახვეტა.....
და ბოლოს - იმ გზთ, შინ რომ წახვედი ,
ჩემთან მოვიდა  სასოწარკვეთა

(ეს დაიწერა  1972 წელს, სულ მალე მეუღლე გარდამეცვალა)

ჩემო პატარა თამარ,
ჩემო პატარა ნატო
თქვენი ქართველი მამა
ცხოვრობს თბილისში მარტო....

(ეს მოსკოვში დაიწერა ,60-წლებში,როცა თბილისში დაბრუნებაზე არც ვოცნებობდი).

 

* * *
სიყვარულზე დაწერილმა ლექსმა თუ პოეტის გრძნობის  ნაწილი თან არ გაიყოლა და სიყვარული  არ გაუნელა, არ ვარგებულა ის ლექსი...

 

* * * .
რა ცოტა უნდა რუს გოგონას, მზეთუნახავი რომ გახდეს; შიშველ ტანზე გახუნებული სარაფანი , იაფფასიანი “ბასანოჟკები” და ომში დაღუპული მამის საველე ჩანთა მხარზე გადაკიდებული!

 

* * *
უფლის ქმედებაში ჩვენ მხოლოდ სიკეთის დანახვა შეგვიძლია. სხვა მისი ნამოქმედარი ჩვეს განსჯას არ ექვემდებარება.

 

* * *
პოეზიის მოყვარული მკითხველი პაპიროსის გულმოდგინე მწეველსა ჰგავს. ამიტომ, ჩემი ნება რომ იყოს, ზოგიერთი პოეტის კრებულს ასე წავაწერდი: “მწერალთა კავშირი გაფრთხილებთ: ამ წიგნის წაკითხვა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა!”

 

* * *
უცხოელები “გენაცვალეს” იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ გამოთქმის შესატყვისი განცდა არ  გააჩნიათ, თორემ იმათი ენა ქართულ ენაზე ნაკლები როდია.

 

* * *
“გარდაიცვალაო”, - ისე ვიტყვით  არარსებულ ადამიანზე, თითქო ცოცხალზე ვამბობდეთ: “დახეთ, რა მოსვლიაო!” და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ, ქართველები-ცოცხლებიცა და მკვდრებიც - მუდამ სათვალავში ვართ.

 

* * *
რაც უნდა პატარა ქვეყნის შვილი იყოს მწერალი იგი თავის მშობელ ენაზე უნდა წერდეს. მაგრამ თუ მწერალს, თავისი მცირერიცხოვანი ერის უბედობით გულდამწვარს, მარტო სიტყვა “გვიშველეთო!” აკერია პირზე, მაშინ უკეთესია ეს  სიტყვა სხვა ენაზე დაწეროს-მეტნი წააიკითხავენ!

 

* * *
აწმყო-უსასრულოდ მცირე მონაკვეთია ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის  და ჩვენ ფაქტიურად წარსულში და მომავალში ვცოცხლობთ.

 

* * *
მამაკაცი უნდა მამაკაცობდეს, ქალი-ქალობდეს, მწერალი კი თავის მშობლიურ ენაზე წერდეს. ეს ბუნებრივია. დედა-ენის დავიწყება-სქესის დაკარგვას უდრის, ხოლო “ორენოვანი” მწერალი ისეთივე გაუგებრობაა, როგროც “ორსქესოვანი” ადამიანი.

 

* * *
ძველად, გონიერი ხელისუფაქლი თავის ქვეშევრდომებს ყველაფერს როდი ართმევდა, რაღაცას უტოვებდა , რადგან ადამიანი, ვისაც ყველაფერი წაართვეს, არავის ემორჩილება-იგი თავისუფალია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

 

* * *
ხელმძღვანელობის ჟინით შეპყრობილი მწერალი - მწერლობის ხუშტურით აღტყინებულ ხემძღვანელზე უარესია!

 

* * *
ის, რაც სუყველას ეკუთვნის, სინამდვილეში არავისია.

 

* * *
საკვირველია, მაგრამ სიკვდილის შიში თავიდან რომ მოიცილო, თავის მოკვლაზე უნდა იფიქრო ხშირად!

 

* * *
ქართველი კაცი ბუნებით მსახიობია და ყოველთვის ისეთი  გატაცებითა და სიამოვნებით თამაშობს თავის როლს, რომ ხშირად არც კითხულობს რა წარმოდგენაში მონაწილეობს.

 

* * *
კეთილი სიტყვა და საქმე ყოველთვის ცრემლსა მგვრის... იქნებ ეს მონატრების ცრემლია და არა გულჩვილი სენტიმენტალობა?

 

* * *
ადამიანს არაფერი არ აამაღლებს ისე, როგორც საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულება და თავისი თავის დავიწყების უნარი.

 

* * *
პოეზიაში უბრალოება  ,- ამბობდა პასტერნაკი, - ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანებს, სირთულე კი მათთვის უფრო გასაგებიაო...

 

* * *
ეს ნაწარმოები ისე კარგად არის დაწერილი, პირდაპირ გენანება, რომ კითხოლობ და უკან გრჩება წაკითხული!

 

* * *
ლექსის “ლირიკული გმირი” ყოველთვის მისი ავტორია, ოღონდ ისეთი - როგორც  მას თვითონ უნდა რომ იყოს!

 

* * *
საყვარელი წიგნის  ხელახლა  გადაკითხვა ზიგჟერ არც არის საჭირო-იმაში მეტი სიამოვნებაა, როცა ეს წიგნი უბრალოდ გეგულება ქვეყნად და პირველი,  ყველაზე ძლიერი  შთაბეჭდილება უკვე მიღებული გაქვს!

 

* * *
თავისუფლებას მარტო მაშინ ვამჩნევთ, როცა ვკარგავთ. - ისიც სიყვარულივითაა.

 

* * *
იქნებ შემოქმედება ჩვენი უსუსური მცდელობაა გაკვირვების  წამიერ ელდას უსასრულობის თვისება მივანიჭოთ?

 

* * *
პროვინცია რომ თბლისს ეტანება, ეს კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ქალაქური ცხოვრების წესი ჰაიკანუშამ უკეთ იცის, ვიდრე ფაცია - ბიცოლამ!

 

* * *
უსულგულო ბუნება ყოვლად უაზროდ, მექანიკურად და შეუმჩნევლად ეწევა ჩვენში დამანგრეველ მუშაობას და აინუნში არ აგდებს ჩვენს ზრახვებსა და მისწრაფებებს...

 

* * *
ქართველ კაცს ლექსის წერის (საერთოდ, შემოქმედების) ნიჭი აქვს, მაგრამ არაფერს ისე კარგად და ისეთი შთაგონებით არ წერენ ჩვენში, როგორც ნეკროლოგს (გარდაცვლილი ადამიანისთვის ტკბილი სიტყვა არ გვენანება!)... სადღეგრძელოს თქმაშიაც მარჯვენი ვართ, რადგან სადღეგრძელო ხშირად ნიღაბია ნამდვილი გრძნობის დასაფარად და სადღეგრძელოს მთქმელი თავის გამოჩენაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მოყვასის დაფასებაზე.

* * *
ერთი ნოველა მონდა დავწერო დიქტატორზე, რომელსაც ყველა ორდენები და მედლები მუნდირზე არ ეტეოდა და ამიტომ დარბაზობის დროს მის გვერდით ყოველთვის მოხელე იდგა ცარიელი მუნდირით ხელში, რომლის ლაცკანებზე დიქტატორის დარჩენილი სამკერდე ნიშნები იყო დამაგრებული...

 

* * *
იუბილარი რომ გაახარო, უნდა უთხრა : “მე ვისურვებდი დღევანდელი  დღე რაც შეიძლება უფრო შორეულ მოგონებად იქცეს შენთვის!”

 

* * *
მიცვალებულს საფლავში რომ უშვებდნენ, “ფისიო!”-მოულოდნელად დაიძახა ბავშვმა და სანამ ჭირისუფლები მიცვივდებოდნენ, იქვე საფლავთან მოისაქმა, თითქოს სიკვდილის დააფსაო თავზე!..

 

* * *
ისე თვალშისაცემად მომხიბლავი არ უნდა იყოს ქალი, რომ მასთან ქუჩაში გავლა მის ვაჟიშვილს ეუხერხულებოდე. ქართველმა დედებმა ყოველთვის იცოდნენ ქალური თავდაჭერის ეს საიდუმლოება და მგონი ახლაც არ დავიწყებიათ.

 

* * *
ერთ პოეტს იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, რომ რცხვენოდა ამის, ერიდებოდა საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკს და ამიტომ თავმდაბალ კაცად თვლიდნენ.

 

* * *
მწერლობისთვის საკმარისი როდია შინაგანი თავისუფლება და ე. წ. “ობიექტური პირობები”: სიმშვიდე, განმარტოება... ხელისშემშლელი მიზეზიცაა საჭირო, რომ დაწეროს რამე.

 

* * *
ერმიტაჟი

რემბრანტის ოფორტის შემინულ ჩარჩოში თავის ანარეკლს მისჩერებია მავანი და ცხვირზე ამოსული მუწუკის ამორწყვას ცდილობდა.

 

* * *
შემოქმედება - ეგოიზმის უკიდურესი გამოვლინებაა: ლექსის წერის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, მარტო შენს სულში იხედები. ამის უფლება არ მაქვს. ამიტომ ცოტას ვწერ.

 

* * *
რატომ არის, რომ სილამაზის განცდა ყოველთვის თითქოს გახსენებს რაღაცას, სადღაც გეძახის, უილაჯოს გხდის და გასევდიანებს?

 

* * *
ხუთი შეგრძნების გარდა, ჩვენ კიდევ ერთი, გარდაუვალი აღსასრულის თანდაყოლილი შეგრძნება გვაქვს. თუ მიგიქცევიათ ყურადღება , რა ნაღვლიანი, პირდაპირ ტრაღიკული თვალებით იყურება ახლად შობილი ბავშვი?

 

* * *
უსინათლოს რომ წამით დაუბრუნდას თვალისჩინი - ესაა შთაგონება. იგი გაელვებასავითაა... ამის შემდეგ ხელოვანმა თვალგახელილმა უნდა გაიაროს ის გზა, რომელიც მანამდე თვალდახუჭულმა გაიარა.

 

* * *
ხალხური მუსიკა - ეროვნული ენაა: ენა შეიძლება გესმოდეს ან არ გესმოდეს - იგი არ შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი.

 

* * *
ჩემი სამშობლო - ქრთული ენაა. იგი უსაზღვრო და ხელშეუხებელია; იგი ჩემშია და ჩემს გარეთეცაა. ჩემშია ივრის პირას გატარებული ბავშვობიდან მოყოლილი სიტყვების მარაგი  და ქაღალდზე მათი გადატანის ურყევი ცოდნა სკოლაში მიღებული განათლებით განმტკიცებული... ჩემს გარეთაა-მოსკოვში, ჩერნიახოვსკის ქუჩაზე მდებარე სახლში, წლების მანძილზე დაგროვილი ქართული წიგნები: რუსთაველი, გურამიშვილი, ვაჟა, ბარათაშვილი, “ვისრამიანი”, საბა, “ქართლის ცხოვრება”, ლექსიკონები, ილია, აკაკი, ყაზბეგი, დ. კლდიაშვილი, ნ, ლორთქიფანიძე, მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია, “ბათა ქექია”, გ. შატბერაშვილი, გ. რჩეულიშვილი, რ. ინანიშვილი, რ. ჭეიშვილი, აგრეთვე ნივთები:თიხის ჭურჭელი, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, სამთავისის, გრემის, შატილის, ფოტოსურათები, ფიროსმანის რეპროდუქციები და საქართველოს რუკა კედელზე; საწერ მაგიდაზე კი, შუშის ქვეშ, გალაკტიონის, ლეონიძის, ჩიქოვანის და ჩემი ცოცხალი და გარდაცვლილი ახლობლების სახეები... რითია ცუდი სამშობლო?!

 

* * *
თითოეული ჩვენგანის არსი ე. წ. “მოსაზღვრე სიტუაციაში” ანუ დიდი განსაცდელის ჟამს ვლინდება და მაინც ღმერთმა ნუ მოგვასწროს იმას, რომ ერთმანეთისთვის მეგობრობის დამტკიცება დაგვჭირდეს!

 

* * *
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში აზრისა და სიტყვის კონფლიქტი შეინიშნება. დღევანდელი აზროვნების შესატყვისი მეტყველების შექმნა და დამკვიდრება - მწერლის  უპირველესი ამოცანაა.

 

* * *
სიყვარული რწმენაა და ცოდნაზე მაღლა დგას. საყვარელ ადამიანზე არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ გვიყვარს და ეს საკმარისია. სამაგიეროდ კარგად შეგვიძლია დავახასიათოთ ადამიანი, ვის მიმართაც გულგრილი ვართ.

 

* * *
პოეტები, ვისაც არაფერი აქვთ სათქმელი, მკითხველის ყურადღებას მოულოდნელი სიტყვიერი “ილეთებით” იპყრობენ ხოლმე. ნუ დაგავიწყდება, რომ ყოველი “ილეთი”, რომელსაც ჩვენი ყურადღება შინაარსიდან ფორმაზე გადააქვს, სარისკოა და  შეიძლება ავტორის მარცხით დამთავრდეს.

 

* * *
ადამიანები კვდებიან, იბადებიან, ბუნება კი სულ არსებობს და მუდამ ახალია, რადგან მას ყოველთვის ახალი ადამიანის თვალი ხედავს.

 

* * *
სიამაყე - ღირსებაცაა და ნაკლიც: ამაყი ადამიანი ისე არ წახდება, რომ სხვისი მოსავლელი გახდეს, მაგრამ თუ გაუჭირდა, სხვის დახმარებასაც მიიღებს.

 

* * *
ლექსის ბწკარედი -  ტიტველ თოჯინასავითაა, რომელსაც მთარგმნელები ნაირ-ნაირ ტანსაცმელს აცმევენ თავიანთი ცოდნის და გემოვნების მიხედვით.  

 

* * *
ჭეშმარიტების არცოდნა-არცოდვაა, ჭეშმარიტების ცოდნა და დამალვა -  ბოროტმოქმედება.

 

* * *
ცოდნისკენ სწრაფვა თითოეული ჩვენგანის თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით - დაგვღუპავს ცოდნა თუ გადაგვარჩენს? თუ დავიღუპეთ, რაც უნდა ბევრი ვიცოდეთ, ერთი რამ მაინც არ გვეცოდინება: რამ დაგვღუპა -  მიღებულმა ცოდნამ, თუ იმან, რაც უცოდნელი დაგვრჩა და რაც (ჩვენი რწმენით) ნამდვილად გადაგვარჩენდა, რომ გვცოდნოდა?!

 

* * *

პოეზია ოცნებისა და სინამდვილის დაპირისპირების ნიადაგზეა აღმოცენებული და ნაპერწკალივით ჩნდება მაშინ, როცა ეს დაპირისპირება კონფლიქტის ხასიათს ღებულობს. შემოქმედება - დარღვეული ჰორმონიის აღდგენისა ან ახლადჩასახული წინააღმდეგობის უკიდურესამდე მიყვანის ცდაა. მხატვარს სურს შეარიგოს თავისი “მინდა რო იყოს” 

იმასთან, რაც “არის”, ანდა პირიქით - გაამწვავოს ეს დაპირისპირება და საბოლოოდ გათიშოს ერთმანეთისგან ოცნება და სინამდვილე. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ მხატვრის ცნობიერებაში შეიძლება, ამიტომ ყოველი გამარჯვება ცხოვრებაში: ბოლომდე მიყვანილი საქმე, აცხადებული სურვილი თუ დამაკმაყოფილებელი ვნება - დაუწერელი ლექსი ან პოემაა, ჩანასახშივე დაღუპული მხატვრული ჩანაფიქრია...

 

* * *
მკითხველმა ნაწარმოების მოქმედპირად ან მწერლის თანაავტორად  უნდა იგრძნოს თავი  - ლიტერატურული ნაწარმოების ღირსება ამით განიზომება.

 

* * *
ბოროტ ადამიანზე ხშირად იტყვიან: ”მხეციაო”. რა უსამართლობაა! მხეცი არასოდეს არ შეიძლება იყოს ისეთი სასტიკი,დაუნდობელი და, რაც მთავარია, ისეთი დახელოვნებული ბოროტებაში,როგორც ვერაგი ადამიანია.

 

* * *
გრძნობა, რომელიც ჩაგვაფიქრებს, ფიქრი, რომელიც აგვაღელვებს - თავისთავად პოეზიის ჩანასახია.

 

* * *
გრძნობამ თავისი გამოხატულება აზრში უნდა ნახოს, აზრმა - სიტყვაში. მხოლოდ მაშინაა ლექსი დამთავრებული.

 

* * *
შთაგონება შორეულ ქვეყნებში მოგზაურობას ჰგავს და ლექსი-იქიდან დაბრუნებული მგზავრის ნაამბობია.

 

* * *
ლექსის წერის დროს მთავარია სიტყვას არ აჰყვე, მისი მონა-მორჩილი არ გახდე, საშუალება არ მისცე  ფორმას  ჩააქროს შენში ცოცხალი  წარმოდგენის  უნარი. განუწყვეტლივ თვალწინ უნდა გედგას ის ამბავი თუ მოვლენა, რაზეც სწერ და შენ განცდასა და ფიქრს მისი ხილვით უნდა ასაზრდოებდე და ამოწმებდე.

 

* * *
პორტრეტისტებმა კარგად იციან, როგორ ცვლის სახის გამომეტყველებას პაწია წერტილი-ხალი. ასევე ლექსში: ერთ უმნიშვნელო სიტყვას - კავშირს ან შორისდებულს -შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

 

* * *
სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელია, რადგან ადამიანის გონებას  არ  შეუძლია, გაიაზროს და დაიჯეროს დაღუპვის გარდაუვალობა.

 

* * *
პოეტი გეოლოგს შეიძლება შევადაროთ,რომელიც სულის წიაღში ძვირფას მადანს ეძებს. იგი ერთდროულად ოქროსმაძიებელიცაა და ოქროსშემცველი ქანიც. ტრაგედია მაშინაა,როცა ქანი უკვე გამოფიტულია,მაძიებლის შემართება კი ჯერ არ დამცხრალა: ანდა პირიქით-როცა ქანი მდიდარია, მაძიებლის შემართება კი დაცხრა და ჩაიღველფა.

 

* * *
საქმე იმაშია, რომ სამშობლოს  “გარედან” ვერ შეხედავ და თუ შეხედე, ის უკვე სამშობლო აღარ არის -რაღაც სხვაა! სამშობლოს  განყენებულად  წარმოდგენა, ცნება დ გადაქცევა-შეუძლებელია. როგორც შვილის სიყვარული მშობლისადმი, იგი ადამიანის კონკრეტული  სულიერი  მდგომარეობაა.

 

* * *
“ეს უდავო ჭეშმარიტებააო”,-ისე იტყვიან, თითქოს სიმართლე მზამზარეულად ეძლეოდეს ადამიანს. მხოლოდ ჩვენი საკუთარი  გამოცდილებით  შეძენილი და დამოწმებული ჭეშმარიტებაა - ნამდვილი.

 

* * *
ნიჭი-დანაშაულივითაა, რომელიც მხატვარმა შემოქმედებით უნდა გამოისყიდოს.

 

* * *
ადამიანს ბედნიერებისთვის ცოდნის გარკვეული  დონე  ჰყოფნის. ნუ გადავალთ ამ ზღვარს!

 

* * *
მასწავლებელი  ჰქვია იმას, ვისგანაც  სწავლობე ნ  და არა იმას, ვინც  ასწავლის.

 

* * *
ახალ შთაბეჭდილებას ყოველთვის აღქმის სიმძაფრე და საზეიმო განწყობილება ახლავს და ამიტომ უცხო ქვეყნებში მგზავრობა- საკუთარ ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს.

 

* * *
რომაელები იტყოდნენ: “როცა არ შეგიძლია გააკეთო ისე, როგორც გინდა, გააკეთე ისე, როგორც შეგიძლიაო”.

 

* * *
სატრანზიტო მგზავრებს ვგავართ ყველა: არყოფნიდან ჩამოსულნი, არყოფნაში მივემგზავრებით და ბილეთის გაფორმებასთან დაკავშირებულ ხანმოკლე ფუსფუსს ც ხ ო- ვ რ ე ბ ა ს ვეძახით.

 

* * *
ერთი სასაცილო “კანონი” აღმოვაჩინე: ქალისადმი ჩვენი სიყვარულის ძალა იმ ენერგიის უკუპროპორციულია, რომელიც ამ სიყვარულის მოსაპოვებლად დაიხარჯა.

 

* * *
ჩემი მხედველობა - ყველაზე საიმედო შუამავალია ფიქრისა და სინამდვილეს შორის.

 

* * *
ჭეშმარიტი პოეტი თავის თავში ცხოვრობს, ამიტომ სამშობლოდან წასულიც კი, ემიგრანტი მაინც ვერ გახდება, რადგან თვითონაა   თავისი  სამშობლო.

 

* * *
ოპტინიზმი ხშირად სასოწარკვეთის  უკანასკნელი საფეხურია.

 

* * *
ნუ მოვთხოვთ ადამიანს იმაზე მეტს, რისი მოცემაც მას თვითონ ნებაყოფლობით უნდა. მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან უბედურების სათავე - გამოძალვაშია.

 

* * *
დამალული სიმართლე - იარაღია  ჩვენი მტრების ხელში.

 

* * *
შემოქმედ ადამიანს ისევე, როგორც ყველას, საზრუნავი არ ელევა - წვრილმანი, ყოველდღიური.... და თითოეული ჩვენგანი ფიქრობს: ”აი ამ საქმეს მოვრჩები და ნამდვილ ცხოვრებას მაშინ დავიწყებო!” ზრუნვა კი - თვითონ ცხოვრებაა, ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა: ”აი, მოვკვდები და მაშინ დავიწყებ ნამდვილ ცხოვრებასო!”

 

* * *
მოსკოვში, ერთ ოჯახში ჩემი ლექსების  რუსულ თარგმანებს ვკითხულობდი. მასპინძელმა მთხოვა, ქართულადაც წამეკითხა ლექსი. მსმენელთა შორის გოგონა იჯდა, ჩვენი მასპინძლის ქალიშვილი. ბავშვი იყო, დიდი ყურადღებით მისმენდა და როცა დავამთავრე, პირდაღებული მომაჩერდა. სტუმრები აყაყანდნენ: ქართული ენა ძალიან ლამაზიაო, ძველ ბერძნულს ჰგავსო... მასპინძელმა შვილს შეხედა: - მიხვდი, რა თქვა ძიამ?
- სიტყვების მნიშვნელობა ვერ გავიგე, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ სიმართლეს ლაპარაკობდაო, -არაბავშვური სერიოზულობით უპასუხა გოგონამ.
ასეთი დიდებული შეფასება ჩემს ლექსს არასოდეს ღირსებია!

 

* * *
ჯალათი ეუბნება სიკვდილმისჯილს, რომელსაც თავი უნდა მოჰკვეთოს -ქუდი დაიხურეთ, გაცივდებითო.

 

* * *
ვიღაცა   მოდის და გვიამბობს იმას, რაც დიდი ხანია ვიცით  და მაინც, მიუხედავად ამისა, ვუსმენთ ამ კაცს, გაკვირვებულნი  მისი  ნაამბობის სიახლითა და მოულოდნელობით... ეს არის გენიოსის თავისებურება!

 

* * *
ადამიანის ნახელავის განადგურება არა ნაკლებ ბოროტებაა, ვიდრე თვით ადამიანის მკვლელობა. ვისაც ჰიტლერელების მიერ დანგრეული ვარშავა უნახავს, არ შეიძლება ამაზე არ იფიქროს!

 

* * *
ის,რასაც ,,მიზანს” ვეძახით, ჩვენი მოქმედების შედეგი არ არის, თვითონ ჩვენი მოქმედებაა - მიზანი.

* * *
გარდაცვლილთა ღირსება მათ ერთგულებაშია: ისინი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნიან და არასოდეს არ გვტოვებენ. ეს არის მათი ძალაც... სხვა ყველაფერი- მოძრაობს, იცვლება, ქრება და როცა ხელახლა უბრუნდება ქვეყანას, იმდენად შეცვლილია, რომ ვეღარ ვცნობთ.

* * *
რა ფასი აქვს მატერიალურ დოვლათს, თუ ადამიანები უარს იტყვიან ჭეშმარიტებისა და სილამაზის ძიებაზე და უსულგულო ტექნიკისა და უნიფიცირებული იდეების მონებად იქცევიან?

* * *
ხშირად მომხდარა, სიმართლე არ მითქვამს, დამიმალავს, მაგრამ ტყუილს ყოველთვის ვერიდებოდი. სიმართლის არ თქმა და ტყუილის თქმა- ერთი და იგივე არაა.

* * *
გურამ რჩეულიშვილი წერდა: ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო”. ჩემი აზრით, ,,ვნების სიმძაფრე”, რომელსაც ადამიანი  ,,შენების” დროს განიცდის, სწორედ ,,აშენებულით ტკბობის” ნიჭითაა განპირობებული.

* * *
ომი საშინელება იყო, მაგრამ ერთი, ,,დადებითი” თვისებაც ჰქონდა: მისი აფეთქების შუქში
წამით განათდა და გამოჩნდა დავიწყებული ზნეობრივი ფასეულობანი, ამან შეამჭიდროვა
და გააერთიანა ხალხი და თვითოეული ჩვენგანი ყველაზე დიდი საფრთხისგან-- სიმარტოვისა და გაუცხოებისგან იხსნა.

* * *
რა მიმართულებასაც არ  უნდა ეკუთვნოდეს მწერალი, სინამდვილის ნეგატიური    
შეფასების უფლება უნდა დაიტოვოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოზიტიური  მსჯელობაც ფასს დაჰკარგავს და უბრალო კონიუნქტურად იქცევა.

* * *
დრო - ილუზიაა, რომელსაც სივრცეში მოძრავი სხეული ქმნის.

* * *
კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას თუ გადავხედავთ,  დავრწმუნდებით რომ  ისტორიის სამჯავროში პოეტი ყოველთვის  ,,ბრალდების  მოწმე” იყო და არა ,,დაცვის” წარმომადგენელი.

* * *
ჩვენი სული მრავალ ადამიანთა  სადგომია. დროთა ვითარებაში ისინი მიდიან, გვტოვებენ და ჩვენი სულიც თანდათან იფიტება, ცარიელდება  და ჩვენში ქრება სიკვდილის შიში, რადგან საკუთარი თავის მეტი აღარავინ გვრჩება დასაკარგავი... ამიტომაა ადვილი სიკვდილი სიბერეში.

* * *
ებრძვიან და ეკამათებიან ადამიანის  შეხედულებას და არა ადამიანის უფლებას  შეხედულებაზე, რაგინდ მცდარიც არ უნდა იყოს ეს შეხედულება.

* * *
თავიდან არაფერი არ იწყება. ყველა სიახლე-რაღაცის გაგძელებაა და თუ მივხვდებით ამას, აღარ გაგვიჭირდება ცხოვრება.

 

 * * *
რა ადვილად ეგუება ადამიანი ყოველგვარ ტექნიკურ სიახლეს (ტელევიზორს,მრავალ სართულიან სახლებს,მთვარეზე გაფრენას...) და რა კონსერვატიულია ჩვენი ბუნება ზნეობრივ სფეროში. ახალი მორალის დამკვიდრებას ზოგჯერ საუკუნეც არ ჰყოფნის!

 

* * *
სხვა თავისუფლებას არ მოვითხოვ, ერთი ნატვრა მაქვს -ჩემი მოვალეობა შევასრულო: ვწერო ლექსები ისე, როგორც მე მინდა.

 

* * *
ნეტა შეიძლებოდეს ქაღალდზე უსიტყვოდ აზრის გადატანა, რომ არ იყოს საჭირო ფრაზის მოფიქრება, სიუჟეტზე, კომპოზიციაზე, სტილზე, რითმაზე თავის ტეხვა, ზრუნვა, იმაზე, თუ სად უნდა დაისვას ქვემდებარე ან შემასმენელი, ზედსართავი ან არსებითი სახელი, ეპითეტი  ან მეტაფორა!...

 

* * *
თავისუფლებაზე ლაყბობას რომ დაიწყებენ, მინდა ვიკითხო: რისგან გინდათ განთავისუფლდეთ: სიყვარულისგან? სინდისისგან? მოვალეობისგან? პასუხისმგებლობისგან? მიცვალებულთა ხსოვნისგან? ამათ გარეშე ხომ ადამიანი მატლია, რადგან ცხოველებსაც კი აქვთ სიყვარულისა და მოვალეობის მსგავსი ინსტინქტები.

 

ხსოვნის ბილიკებით

საავადმყოფოში

გრძელი და ცივი დერეფნის ხვლიკისფერ კედლებზე სხლტებოდა და ირეკლებოდა მბჟუტავი ელნათურების ყვითელი შუქი.  დერეფნის ბოლოში,  მაგიდასთან,  მოწყალების და იჯდა.  კარს ”იზოლატორი'' ეწერა.  სხვა ოთახებს ციფრებით ცნობდნენ:  ”პირველი'',  ”მეორე'',  ”მესამე'' და ”მეოთხე'' პალატები; ”ქალთა ქირურგიული განყოფილება'',  ”მორიგე ექიმის კაბინეტი'',  ”საოპერაციო'',  ”საორდინატორო'' და სხვა...  წარწერები ბევრი იყო.
დორა ერქვა მოწყაკლების დას.  ჭუჭყიანი თეთრი ხალათი კოჭებამდე წვდებოდა.  ამ ხალათს ღამით მორიგეობის დროს იცვამდა,  რადგან ამ დროს ყველას ეძინა და გამკითხავი არავინ იყო.  ყველას ეძინა,  მორიგე ექიმსაც.  ზოგჯერ დორასაც,  როცა წასაკითხი წიგნი არა ჰქონდა.  მაგრამ კითხვას მაინც ძილი სჯობდა.  ვესტიბიულის კუთხეში ძველის-ძველი,  ტყავგადაძრობილი სავარძელი ეგულებოდა,  იქ არავინ შეაწუხებდა.  ვესტიბიულამდე არც ავადმყოფების ხმა აღწევდა.  ერთი სიტყვით,  უკეთეს დასასვენებელ ადგილს საავადმყოფოში კაცი ვერ ნახავდა...  ”რა მოუსვენარი ხალხია ეს ავადმყოფები!'' იტყოდა ხოლმე ქეთინო,  დორას მეგობარი ქალი.  ისინი შეცვლით მორიგეობდნენ:  დღისით! ' -ქეთინო,  ღამით -დორა.  ხანდახან პირიქით.
მაგრამ ეს ერთი კვირაა,  დორას სამჯერ მოუხდა ზედიზედ ღამის გათევა...  იქ,  დერეფნის ბოლოში,  კარია.  კარს ”იზოლატორი'' აწერია.  მას შემდეგ,  რაც ის ქალი პალატიდან  ”იზოლატორში'' გადაიყვანეს,  დორას ერთი გვცერდის წაკითხვაც ვერ მოუსწრია.  ძილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!  ღამეში რამდენჯერმე უხდებოდა ქაფურის შეშხაპუნება, შეხვევა, გადახვევა, კომპრესები, მასაჟი და კიდევ ათასი ჯანდაბა და დოზანა! 
“დასწყევლოს ღმერთმა ყველა გაჭირვებული და ავადმყოფი!”-ფიქრობს დორა და სასოწარკვეთით ებღაუჭება ”თეოს” უკანასკნელ სტრიქონებს. არაფერი ჩადის თავში. იცის, საცაა გიჟივით გამოვარდება ის ბიჭი, დედას რომ უვლის და... ”დორა! მოდი, შენი ჭირიმე, მგონი, ცუდადაა! ” სულელი! ცუდად იქნება, მა რა! თითქოს დორა ღმერთი იყოს! მაგ  ქალს აღარაფერი ეშველებაო, თქვა პროფესორმა და დორაც ასე ფიქრობს... ”თმა გაშლილი თეო ოთახიდან გავარდა და იყვირა: ”მამა! მა... მა... ა!” ყაფლანმა სწრაფად შეიხედა... ”დორა! მოდი, შენი ჭირიმე... ”- ესმის დორას და ხელად ავიწყდება წაკითხული. ზლაზვნით დგება და იზოლატორისკენ მიდის. ”ის ბიჭი” (დორამ არც კი იცის მისი სახელი) კარებში დგას.  მაღალია,  შავგრემანი,  თვრამეტ-ცხრამეტი წლისა,  უძილობოსაგან სახე გაფითრებია... ”დორა,  გენაცვალე...  ტკივილები აწუხებს,  პანტოპონს ხომ არ  გაუკეთებ?! ” “ჰმ, წამლის სახელიც უსწავლია!”-ფიქრობს გულმოსული დორა და ავადმყოფთან შედის.
ოთახი პატარაა, ისეთი პატარა, რომ საწოლი ძლივს ეტევა. საწოლთან ტაბურეტია, რომელიც მაგიდის მოვალეობას ასრულებს, ელნათურა, ეტყობა, გადამწვარია და სანთელი ანთია. კედლებზე, იატაკზე და ავადმყოფის საბანზე ყვითელი ლაქებია. დორას უზარმაზარი ჩრდილი ავადმყოფსა და ჭერს ეფინება. სიბნელეში ძლივს მოჩანს ბალიშში ღრმად ჩაფლული თავის ქალა ფართოდ გახელილი თვალებით - ავადმყოფი რაღაცას ჩურჩულებს, წყლიდან ამიყვანილი თევზივით პირს აღებს და რაღაცის თქმას ცდილობს. დორა საწოლისკენ იხრება. ”არავინ... არავინ იცის ...  იმან კი გაიგო,  ის მიხვდა...  საშვილოსნოო, მე კი ნაწლავები...  აი აქ “...  დორას არ ესმის რუსული, გარდა ამისა,  თეოს ამბავი დარჩა დაუმთავრებელი.  “რა მოხდა მერე?  შეხვდება თუ არა თეო თავის საყვარელს?” “როდის გაუკეთეთ უკანასკნელი ნემსი?”- ეკითხება დორა კარებში გაშეშებულ   ვაჟს.  “დიდი ხანია ...  კიდევ გავუკეთოთ რა,  ძალიან წვალობს!” შვილის ხმაში  მუდარაა და უიომედობა. ”რა მენაღვლება,  გავუკეთებ”, - ფიქრობს დორა და გადის იზოლატორიდან.
ბა-ამ!”- მოისმის ვესტიბიულში  კედლის საათის რეკვა.  ღამის პირველი საათია...

 

 

პური და იარაღი

ომი თბილისელებისათვის, უმთავრესად, შიმშილი და გაჭირვება იყო... 
მაღაზიებში     ვერაფერს იშოვნიდი კაცი. ბაზარში ცეცხლის  ფასი  ედო საქონელს.  ფასები დღითიდღე  იზდებოდა. გადამყიდველების პარპაშს საზღვარი არ უჩანდა.  ისინი ქალაქში  გარეუბნებსა  და ახლომახლო  სოფლებში  ყიდულობდნენ სანოვაგეს,  ქალაქში ეზიდებოდნენ  და მამასისხლად ყიდდნენ. დამშეული ქალაქელები  ყველაფერს ეტანებოდნენ.,  რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ ...
განსაკუთრებით მომსახურეებს უჭირდათ. მუშები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ: ისინი საფაბრიკო და საქარხნო სასადილოებში იკვებებოდნენ, სადაც გაცილებით უკეთესი       მომარაგება იყო, ვიდრე დაწესებულებებსა თუ საწარმო ორგანიზაციებში...
მთავრობა შეძლებისდაგვარად ებრძოდა გადამყიდველებს: რკინიგზის სადგურებში და ქალაქის მისადგომებთან დღისით და ღამით მორიგეობდნენ მილიციის და შინსახკომის თანამშრომლები, აჩერებდნენ მანქანებს, საბუთებს უსინჯავდნენ მგზავრებს, საეჭვო პირებს ართმევდნენ ხორბლითა და სიმინდით გატენილ ტომრებს, ჯვალოს გასისხლიანებულ ნაჭრებში გახვეულ ხორცის ნაჭრებს, მაგრამ ეს მაინც არ კმაროდა: სპეკულაცია მძვინვარებდა...
ჩვენი ოჯახიც იმ ხანებში დიდ ხელმოკლეობას განიცდიდა. ჯარში წასული მამის ,,ატესტატით” მიღებული ფული სამ სულს არა გვყოფნიდა. მართალია გარეკახეთის ერთ პატარა სოფელში მარტოხელა ბაბო გვეგულებოდა,რომელსაც შეეძლო ჩვენთვის ხილი ან ბოსტნეული მოეწოდებინა(მეტი რა ჰქონდა საწყალს!), ამგრამ იქ წასვლას ვერ ვახერხებდით,რადგან მატარებლები გადამყიდველებს ჩაეგდოთ ხელში - ბილეთს ვერ იშოვიდა კაცი, მანქანები კი გაესამხედროებინათ და აბა, ჩვენ ვინ მოგვაშავებდა მანქანას!
ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა,როცა ფრონტიდან რამდენიმე დღით თბილისში ჩამოსულმა ჩვენმა თანასოფლელმა, ვინმე პოლკოვნიკმა ყურაშვილმა დაურეკა დედას, მამაჩემის ამბავი შეატყობინა და უთხრა, ხვალ დილით სოფელში წასვლას ვაპირებ სანოვაგის ჩამოსატანად და თუ ვინმეს გამაყოლებთ, თქვენთვიასც გამოვატან  რამესო...
ჯერ არ გათენებულიყო, როცა ჩვენი სახლის წინ საბარგო მანქანა გაჩერდა. სწრაფად ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი. ყურაშვილი კაბინაში იჯდა. გარეთ არც გამოუხედავს, ხელით მანიშნა ძარაზე ავსულიყავი და დავიძარით
სოფელში ყურაშვილმა თავის ორსართულიან, ქვითკირით ნაგებ სახლთან გააჩერებინა მანქანა და მოკლედ მითხრა:
-რვაზე წავალთ. არ დააგვიანო.
ბაბოს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. იტირა კიდეც. მერე მეზობლები მოიარა, ერთი დამხჩვალი ყვინჩილა აღმოაჩნდა სადღაც, ცოტაოდენი ნიგოზი, ჩირი და ლობიო ფუთაში გამიხვია, დამაპურა, როგორც შეეძლო,და უკვე ბინდდებოდა, როცა ჭიშკრამდე მიმაცილა,
ყურაშვილებთან ავედი. მანქანა ეზოში იდგა და ძარა მოპირთავებული იყო სანოვაგით:კართოფილითა და ხორბლით გავსილი ტომრებით,  კალათებითა და გოდრებით,  რომელთა შორის ერთ მოზრდილ ბურვაკსაც ამოეყო თავი. სახლიდან დანა-ჩანგლის ხმაური და ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა. ეტყობა,  სადილობდნენ. მე მომერიდა უცხო ოჯახში შესვლა,  ამიტომ ჩემი ბარგი-ბარხანა მანქანის ძარაში ჩავაგდე და იქვე,  ხის ძირას ჩამოვჯექი. მალე სახლიდან შოფერი გამოვიდა მას ყურაშვილი გამოჰყვა. მაღალი იყო,  მხარბეჭიანი. ჯარისკაცის მაზარა ეცვა და მხოლოდ საბეჭურებით თუ მიხვდებოდა კაცი,  რომ პოლკოვნიკი იყო. მანქანას მიუახლოვდა და ძარაში გადაიხედა. მე  თითქოს ვერ მხედავდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე მის სახეზე ფართო,  ვარდისფერი ჭრილობის კვალი.
-ეს შენია.-ერთ კალათაზე მიმითითა,  მერე მანიშნა ზევით ავსულიყავი და კაბინაში ჩაჯდა.
წამოვედით. მაგრა აცივებულიყო. თებერვლის მიწურული იდგა და იალნოს დათოვლილი კალთებიდან გამყინავი ქარი უბერავდა. კაბინას მოფარებული,  საყელოში თავჩარგული,   ოთხად მოკეცილი ვიჯექი ტომრებსა და გოდრებს შორის. მანქანის რახრახში ნელ-ნელა ჩამეძინა...
თვალები გავახილე,  მანქანა იდგა. წამოვიწიე. და სიბნელეში მეისრის ჯიხური დავინახე” ალბათ ვაზიანში ვართ”-ვიფიქრე. პოლკოვნიკი ვიღაცას უჯავრდებოდა:
-ჰოდა,   რას დგახარ, ადი მანქანაში!
-ბავშვი მახლავს, ბატონო. -მოისმა ქალის   მორიდებული ხმა. -გაცივდება.
წამით დუმილი ჩამოვარდა. მერე კაბინის კარი ხმაურით მოიხურა და ძარაში პოლკოვნიკი ამობობღდა. მან მისწი-მოსწია ტომრები, ჩემს გვერდით დაჯდა და უკანმოუხედავად შოფერს გასძახა:
-გასწი!
მანქანა დაიძრა. პოლკოვნიკმა მაზარის საყელო აიწია. აჭვიტინებულ ბურვაკს წიხლი ჩაჰკრა და გულმოსულად ჩაილაპარაკა:
-აუღიათ თავი და დაეთრევიან შუაღამისას, მაგათი ქოქი გაწყდა! ბავშვი მაინც არ ეცოდებათ?!.. - მერე იქვე ტომრებზე დაგდებული საწვიმარი აიღო, მხრებზე წამოიხურა, მოხერხებულად მოითავსა და მალე ხვრინვა ამოუშვა...
ქალაქში რომ შევედით, უკვე კარგა შეღამებულიყო. ქუჩებში ბნელოდა, შენიღბული ფანჯრებიდან ერთი ბეწო შუქიც არ ატანდა. ალაგ-ალაგ, ოდნავ განათებულ მოსახვევებში ბზინავდნენ სველი ქვაფენილები, დამდნარი თოვლის გუბეები და ტრამვაის ლიანდაგები.
ნავთლუღს გავცდით და ავლაბრისკენ გავუხვიეთ. ვიღაცამ გაგვაჩერა. პოლკოვნიკს ეძინა. მე წამოვდექი, უხერხული ჯდომისაგან გახევებული მუხლები ძლივს გავმართე და მანქანიდან გავიხედე.
კაბინასთან მილიციელი იდგა: იღლიაში თეთრ ქაღალდში გახვეული რაღაც ეჭირა. იგი ჩვენსკენ ხელს იშვერდა და შოფერს უჯავრდებოდა. ჯერ ვერ გავარკვიე რას ამბობდა, მერე შოფრის ხმა მომესმა:
-კარგი ახლა, ნუ გააჭირე საქმე. ვერა ხედავ, ვინცა ვართ?! ხო გითხარი, პოლკოვნიკის მანქანაა, სოფელში ვიყავით, ცოტა რამე-რუმე წამოვიღეთ, ეხლა სახლში მივდივართ... გამიშვი, თუ ძმა ხარ, გარაჟში მაგვიანდება!
-მაგასაც გავარკვევთ, სად იყავით. თანდათან ხმას უწევდა მილიციელი და ძარაში იხედებოდა. -იქით მიაყენე მანქანა! -იგი კაბინის საფეხურზე შეჯდა და ხელით ანიშნა შოფერს: “მოაბრუნეო” შოფერმა კილო შეიცვალა, ეტყობა გაბრაზდა:
-კაცო, შემოჩენილი ხომ არ ხარ! აჰა, საგზური ნახე! -მან გულჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და მილიციელს ხელში მიაჩეჩა.
-საგზური არ ვიცი, ჯარიმა უნდა გადაიხადო!
-რისთვის, კაცო, ვინა ხარ შენ? პატრული ხარ?-ცხარობდა შოფერი.
-შენი საქმე არ არი. იხდი ჯარიმას?
-კაცო, საშოვარზე ხარ გამოსული? თუ დაგილევია, გაიარე, - წყნარად უთხრა შოფერმა. -აბანოში თუ იყავი, გაამოს! ჩემთან რა გინდა? მე ჩემი გზა მაქვს.
ამ დროს პოლკოვნიკმა თავი ასწია.
-რა აბავია? -  იკითხა ნამძინარევი ხმით.
-ვიღაც მილიციელია, ბატონო, არ გვიშვებს... - ამოსძახა შoფერმა.
პოლკოვნიკმა მილიციელს გადახედა.
-წადი მოკლედ უბრძანა, მერე შოფერს მიუბრუნდა: ყველა მოცლილს თუ გაუჩერე, ხვალამდე ვერ ჩავალთ, გასწი! - და ისევ  დასაძინებლად მოემზადა.
მილიციელი ჩამოვიდა საფეხურიდან და ძარას მოუახლოვდა.
-მილიციელი ვარ თუ რაცა ვარ, განყოფილებაში გამოვარკვევთ. ჩამოდი ძირს , ამხანაგო, და საბუთები მაჩვენე!
პოლკოვნიკი არ განძრეულა. სიბნელეში ვერ ვხედავდი მის სახეს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბრაზი აღრჩობდა.
-გასწი მეთქი! - უყვირა შოფერს.
შოფერმა ძრავა ჩართო.
მილიციელი ისევ კაბინის საფეხურზე შედგა.
-იქით მიაბრუნე, გესმის, რას გეუბნები?!
ამის თქმა იყო და პოლკოვნიკი მანქანიდან გადმოეშვა.
-მოდი აქ. - ხმადაბლა და მუქთარით უთხრა მილიციელს.- შენ იცი ვის ელაპარაკები?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             
მილიციელი მიუახლოვდა,  პოლკოვნიკს მხრებზე საწვიმარი ჰქონდა მოხურული და მის საბეჭურებს მილიციელი ვერა ხედავდა.
- საბუთები მაჩვენე! ჰო რას მიყურებ? სამხედრო  ფორმა რომ ჩაგიცვია,  მაგით გინდა მომატყუო?  საბუთები მოიტა  შე სპეკულიანტო; შენა,  თორემ. . .
ამ სიტყვის თქმა იყო და პოლკოვნიკმა რაც ძალა და ღონე ჰქონდა სახეში სთხლიშა მილიციელს. . .
კაბინიდან  შოფერი გამოვარდა,  მეც ჩამოვხტი ძარიდან და ორივენი პოლკოვნიკს ვეცით.
მთლად გაგიჟებული,  გააფთრებით იწევდა.  წაქცეული მილიციელისკენ და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა:
- მაშ მე სპეკულანთი ვარ? სპეკულანტი ვარ,  შენი. . .  მაშ მე ფრონტზე  იმისთვის დამიღვრია სისხში,  რომ  შენისთანა მაიმუნებმა სპეკულანტი დამიძახონ!. . .
- ლავ ელი,  ხაზეინ-ჯან დაწყნარდი,  თუ ღმერთი გწამს. . .  მაგან არ იცოდა. . .   შენ ლიანას გაფიცებ,  დაწყნარდი. . . 
შოფერი ძლივს აკავებდა პოლკოვნიკს თან თვალი იქით ეჭირა სადაც  მილიციელი ეგდო. 
მეც  იქით გავიხედე და სიბნელეში მიწაზე გართხმული კაცი დავინახე,  გუბეში ჩავარდნილიყო და რატომღაც არ ინძრეოდა.  მერე წამოიწია და ფილაქანზე გაბობღდა.
“რევოლვერს იღებს” -  გამიელვა  თავში და გამაცივა.  პოლკოვნიკმაც  ეტყობა,  გამოცდილი მეომრის გუმანით იგრნძო საფრთხე,  უცებ ხელიდან გაგვიხლტა და წაქცეულს ეცა.
- იარაღს იღებ?! აჰა ჩემი აიღე ვნახოთ,  რა ბიჭი ხარ?
მილიციელს ხმა არ გაუცია,  დაჩოქილი ხელებს აფათურებდა.  მიწაზე.
- რა გინდა რა?  პოლკოვნიკი მხარში სწვდა,  ჩვენც მივუახლოვდით.  მილიციელმა ამოგვხედა:
- ასანთი გექნება. . .  გაგუდული ხმით უთხრა შოფერს. -აანთე თუ ძმა ხარ, პური დამივარდა. . . ბნელა ეს ოხერი, ვერ ვხედავ. . .
შოფერმა ასანთს გაჰკრა.
წამით განათდა პოლკოვნიკის სახე. ქვედა ტუჩი უცახცახებდა, ლოყაზე საოცრად ჩამუქებოდა ნაჭრილობევი. არაფერი უთქვამს, მოტრიალდა და ძარაში აძვრა.
მეც ავყევი.
კაბინაში ბავშვს გაღვიძებოდა და ხმამაღლა ტიროდა.
შოფერი ერთხანს მილიციელთან იდგა, რაღაცას ეუბნებოდა.  ამშვიდებდა,  მერე ფარაჯის კალთები ჩამოუბერტყა,  ”გქონდეს ცხვირსახოციო” - უთხრა და მანქანისკენ წამოვიდა.
გაიჯახუნა კაბინის კარმა და ჩვენ გზა განვაგრძეთ. . .

 

 

ნაწყვეტები ბიოგრაფიული რომანიდან

  1. დედა

 

დედაჩემზე ამბობდნენ, ლამაზი ქალიაო... მაშინ 6-7წლისა ვიყავი და, ცხადია, ქალის სილამაზისა არაფერი გამეგებოდა. სიტყვა “ლამაზს” ჩემთვის სხვა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა. “ლამაზი” იყო სათამაშოები, სახატავი ფანქრები, წიგნები, ახალი ტანსაცმელი. ყველაზე ლამაზი კი ნაირნაირად მოხატული ასანთის კოლოფები მეჩვენებოდა, ჩემი ძმა სანდრო რომ აგროვებდა. მომწონდა ზოგიერთი ჩემი ტოლი, განსაკუთრებით გოგონები; მაგრამ ამ მოწონებას სხვა სიტყვებით გამოვხატავდი: “რა კარგი კაბა აცვია მზიას!”, “მანანა კეთილი გოგოა!” - დარცხვენილი ჩავჩურჩულებდი დედას, როცა ჩემი ან სანდროს დაბადების დღეს სტუმრები გვეწვეოდნენ და რატომღაც ძალიან მიხაროდა, დედა რომ (ისიც ჩურჩულითა და ღიმილით) დამეთანხმებოდა.
დედაჩემის სახე მახსოვს და არც მახსოვს. ხატვა მემარჯვება, მაგრამ რომ მითხრას ვინმემ დახატეო, ვერ დავხატავ.
ხშირი თმა ჰქონდა, კვამლისფერი და მბზინავი. ღიმილით იტყოდა: “როცა ქალის თმას შეაქებენ, ეს იმას ნიშნავს, სხვა არფერი უვარგაო!” თმას სადად ივარცხნიდა, კეფაზე დაიხვავებდა, გაკვანძავდა და სარჭებით დაიმაგრებდა. თვალები რუხი და მშვიდი. სახის ნაკვთები მომსხო, თუმცა არა მკვეთრი, საერთოდ არაფერი ჰქონდა 'წახნაგოვანი”. მარჯვენა საფეთქელზე ხალი აჩნდა, ოდნავ ამობურცული... მთავარი მაინც, სახის გამომეტყველება იყო. მისი სახე სარკესავით ირეკლავდა ყველაფერს, რასაც ფიქრობდა ან განიცდიდა და მისი განწყობილება, - მხიარული თუ სევდიანი, - უმალ გადაედებოდა მასთან მყოფ ადამიანს. ღიმილი ჰქონდა არაჩვეულებრივი – ოდნავ დარცხვენილი თუ გაკვირვებული, ასე გგონია, ბოდიშს იხდისო თავისი უნებლიე სიხარულისათვის, ან მიგიხვდათ   რაღაც ცუდ განზრახვას და თვითონვე უკვირს: როგორ მეყო ამდენი სითამამე, რომ ეს დანაშაული გაპატიეთო!
ახლა ვცდილობ წარმოვიდგინო დედაჩემის გაბრაზებული სახე და ვერ მომიხერხებია. ის ან დამშვიდებული მახსოვს, ან ზრუნვით შეპყრობილი, დანაოჭებული შუბლითა და ფართოდ გახელილი თვალებით, ან კიდევ გაღიმებული და მაშინ... როცა გაიღიმებოდა, მიჯრით გაწყობილ თეთრ ჯანსაღ კბილებს შორის ერთადერთი ოქროს კბილი გამოუჩნდებოდა.
დავხუჭავ თვალებს და ყურში ჩამესმის მისი ხმა, რუსული აქცენტით ნათქვამი ”შვილო” ... (დედა ობოლი იყო. პანსიონში აღიზარდა და სახლში, განსხვავებით ოჯახის სხვა წერვებისაგან, რუსულად გველაპარაკებოდა). საუბრის დროს ხელებს მკერდზე დაიწყობდა, ყელთან მიიტანდა... ისე, როგორც იტალიელებმა იციან... ბავშვივით გულწრფელი იყო და ამას მოძრაობითაც ამჟღავნებდა. არ მახსოვს, რანაირი  ტანი ჰქონდა, ფეხები, ის კი მახსოვს, როგორ შემოვიდოდა ღამით ოთახში, ფეხაკრეფით მომიახლოვდებოდა, საბანს შემომიკეცავდა, მაკოცებდა შუბლზე, მერე ჩემს ძმასთან მივიდოდა, იმასც გაუსწორებდა საბანს, თავზე ხელს გადაუსვამდა და გავიდოდა. ერთხელაც არ უცემია ჩვენთვის (მამას “ევალებოდა” ეს საქმე, მისი სუსხიანი ქამრის გემო ახლაც მახსოვს), დედა, თუ კი გავაჯავრებდით, საღამოობით, როცა ოჯახურ საქმეებს მორჩებოდა, მიუჯდებოდა პიანინოს და უკრავდა რაღაც ისეთს, რაც იმ წუთში მის ფიქრსა და განწყობილებას გამოხატავდა. მუსიკა ყოველთვის სევდიანი იყო...
მშობლის სილამაზე გვიან, ძლიან გვიან შევნიშნე, როცა დედა უკვე კუბოში იწვა....

 

 

საოცარი კონცერტი

ორი შეხვედრა ბორის პასტერნაკთან

ბორის პასტერნაკს მხოლოდ ორჯერ შევხვედრივარ: ერთხელ ცოცხალს.  მეორედ ვნახე გარდაცვლილი... ისიც არ ვიცი.  ვახსოვდი თუ არა იმ დიდებულ პოეტსა და ადამიანს და მაინც ჩემი თაობის ქართველ მწერალთა შორის ბევრს არ ღირსებია პასტერნაკის ნახვა. მისი მოსმენა და სწორედ ამან გამაბედვინა იმ შორეული წუთების გახსენება. ზაფხულის დღე იყო -მზიანი და დახუთული,  სიმონ ჩიქოვქნი მაშინ მასინ მოსკოვსი იმყოფებოდა. დამიორეკა   და მითხრა:პერედელკინოში პასტერნაკტან მივდივარ და თუ გინდა წამომყევიო.
დაბა პერედელკინოში პასტერნაკებს საკუთარი აგარაკი ჰქონდათ. ეს იყო ორ სართულიანი შენობა ღია და შემინული აივნებით.  სახლის წინ ფართო ეზო ან,  უფრო სწორად არყნარის ნაკვეთი და სათუთად მოვლილი ყვავივლნარი. იმ ზაფხულს უხვი მზისა და ხშირი წვიმების წყალობით, სიმწვანე მოძალებულიყოდა თეთრად აფეთქებული ყვავილოვანი ბუჩქები ხასხასა ბალახზე უცნაურად დახვავებულ თოვლის ბულულებს ჰგავდნენ. ეზოში შევედი თუ არა ბუჩქებს შორის, არყის ხეების მოქანავე ჩრდილში პასტერნაკი დავინახე. იგი წნულ სავარძელში იჯდა, მზით დამწვარი, დაკუნთული მკლავები სავარძლის სახელურებზე ჩამოედო, გრანიტის კვარცხლბეკზე გაწოლილ სფინქსსა ჰგავდა!
ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება.
მერმე სახლში შეგვიპატიჟეს. სუფრა გაიშალა და მეგობრები პასტერნაკი და ბატონი სიმონი საუბარს შეჰყვნენ. სუფრასთან სხვებიც ისხდნენ, ოჯახის წევრები და კარის მეზობლები, მაგრამ “საუბარს შეყვნენო” რომ ვთქვი არაა სწორი: მარტო პასტერნაკი ლაპარაკობდა.  სხვები კი უსმენდნენ.  ეს ლაპარაკიც თავისებური იყო,  უჩვეულო და უცნაური.  პირველ ხანს გამაღიზიანა კიდეც და გული მომივიდა მასპინძელზე,  რომელიც ჩემთვის რაღაც გაუგებარს ჰყვებოდა.  შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი,  სტუმრები მას დიდი ყურადღებით უსმენდნენ,  მე კი...  ვერა და ვერ მივხვდი,  რას ლაპარაკობდა! უცნაურ საკრებულოში აღმოვჩნდი,  სადაც ჩვეულებრივი ადამიანები კი არა,  ფანატიკურად განწყობილი მორწმუნენი ისხდნენ და მათ მიერ გაღმერთებულ ქადაგს მონური თაყვანისცემით უსმენდნენ.
მაინც რაში იყო საქმე? რას “ქადაგებდა” პასტერნაკი?..  “ქადაგებდაო”,  იმიტომ ვამბობ,  რომ მისი სიტყვების კილო ამაღლებული გახლდათ და პოეტი ოდნავ წამღერებით ლაპარაკობდა.  ასე გავიდა რამოდენიმე წუთი და...  შოპენის ნოქტურნებზე დაწყებული საუბარი,  რომელშიც მუსიკის საფუძვლიანი ცოდნა მჟღავნდებოდა,  შეუმჩნევლად შემოქმედის მოწოდებაზე გადავიდა,  მერე სამამულო ომს შეეხო ამის შემდეგ მოსაუბრემ თიციანი და პაოლო გაიხსენა,  აქედან ქართველი კაცის დამახასიათებელ თვისებაზე -მეტაფორულ აზროვნებაზე გადავიდა,  მერე ისევ შოპენს მიუბრუნდა და ბოლოს ის,  რის თქმაც სურდა,  რისთვისაც წამოიწყო საუბარი,  აშკარად და ნათლად გამოიკვეთა...  მე მივხვდი,  რომ პასტერნაკი შემოქმედი კაცის მცდელობაზე ლაპარაკობდა.  რატომ არის,  რომ მხათვარი არასოდეს არ კმაყოფილდება “პირველი ვარიანტით” (ე. წ.  “ნახევარფაბრიკატით”) და უაღრესად ზუსტად,  დასრულებულად და,  თუ შეიძლება ითქვას,  “იდეალური ნიმუშის” დონეზე ცდილობს თავისი ნაწარმოების შექმნას.  რა ძალა ამოძრავებს (თუ აიძულებს?) მხატვარს,  გამოიჩინოს ასეთი მცდელობა? ვინ არის,  ან სად არის ის უმაღლესი “არბიტრი',  შემოქმედების გარკვეულ ეტაპზე რომ ჩასძახებს მხატვარს: “შეჩერდი!ეს არის რასაც ეძებდიო!” ან იქნებ ის “არბიტრი” თვით მხატვარშია და მასზე ადრე და უკეთესად იცის,  რა უნდა გამოვიდეს შემოქმედის ხელიდან?...
და მე მაშინ მივხვდი,  რომ პასტერნაკმა თავისი საუბარი ამ საკითხზე თავიდან კი არა,  შუაგულიდან დაიწყო,  ბოლოში ჩავიდა და მერე ისევ დასაწყისს დაუბრუნდა! ასეთი იყო მისი მონოლოგის კომპოზიცია და ჰარმონიის ის დიდი ოსტატი მხატვრული მეტყველების ამ პრინციპს ყოფითი საუბრის დროსაც არ ღალატობდა.
პასტერნაკს იმ დღეს თავის შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია,  სამაგიეროდ,  მისმა საუბარმა მე გამიჩინა კითხვა: იქნებ ლექსი,  სურათი,  ქანდაკება,  არქიტექტურული ნაგებობა-ის,  რაც მხატვრის ხელით იქმნება,  თავისი დასრულებული,  “იდეალური” სახით მხატვრის წარმოდგენაში კი არა,  სადღაც “სხვაგან”,  მხატვრის გარეშე არსებობს,  როგორც ობიექტური რეალობა და მხატვარი კი არ ქმნის ე. წ.  “თავის ნაწარმოებს”,  არამედ უკვე არსებულის “ასლის გადაღებას” ცდილობს? იქნებ სწორედ ეს,  ობიექტურად მხატვრის ცნობიერების გარეშე არსებული  “იდეალური ნიმუში” აიძულებს ხელოვანს,  ესოდენ გულმოდგინე და შეუპოვარი იყოს თავის მცდელობაში,  რომ სრულყოფამდე მიიყვანოს მხატვრული ნაწარმოები?!.

 

* * *
ჩემი მეორე შეხვედრა პასტერნაკთან...  ერთხელ დილით დაახლოებით  7 საათზე,  ალექსანდრე მეჟიროვმა დამირეკა და აკანკალებული ხმით მითხრა:,, ბორის ლეონიდოვიჩი გარდაიცვალა,  გარეთ გამოდი,  ტაქსით გელოდებითო”.  მეჟიროვს ჩემი კარის მეზობელი,  მწერალი ბორის იამპოლსკიც ახლდა.
მანქანაში ჩავჯექით და პერედელკინოში გავქანდით...
ეზოში რომ შევედით,  იქ უკვე რამდენიმე კაცი შეგროვილიყო ვიცანი მთარგმნელები: ვილმონტი,  ლიუბიმოვი, ბუგაევსკი...  მწერლები ცოტანი იყვნენ,  რადგან მთავრობის მიერ შეჩვენებულ და მოკვეთილ კაცთან მისვლა (თუნდაც გარდაცვლილთან) იმ დროის,, ვაჟკაცობად; ითვლებოდა.
სახლიდან ნინო ტაბიძე გამოვიდა,  უძილო და ნამტირალევი სახე ქონდა.  მან დამინახა,  გადამკოცნა და იმ ოთახში შემიყვანა,  სადაც პასტერნაკი ესვენა...
იგი “რასკლადუშკაზე”  იწვა და თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული.  თხელი ტილო მკვეთრად აჩენდა მისი ლამაზი,  ათლეტური სხეულის ნაკვთებს და მიცვალებული ანტიკური ქანდაკების შთაბეჭდილებას ტოვებდა.  მისი ამაყი სახის მკაცრი გამომეტყველება,  ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ჩიტების სტვენა და ფოთლების შრიალი პატარა ოთახის სიმშვიდით ავსებდა და მე შევკრთი,  როცა მოულოდნელად კაცის ხმა გავიგონე: კუთხეში ანდრეი ვოზნესენსკი ატუზულიყო და ბავშვივით ზლუქუნებდა...
გარეთ გამოვედით.  ქალბატონმა ნინომ მიამბო პოეტის უკანასკნელი წუთების შესახებ: წინა ღამით გარდაცვლილიყო,  მის ხელში დაელია სული...
ეზოში ხალხი მომრავლდა...  მე და მეჟიროვი განზე ვიდექით და პასტერნაკის მეგობრებზე – სიმონ ჩიქოვანსა და გიორგი ლეონოძეზე ვსაუბრობდით,  რომელთა ჩამოსვლას,  ქალბატონი ნინოს თქმით, წუთიწუთზე ელოდნენ. 
უცებ გაიჯახუნა ჭიშკარმა და სახლისკენ მიმავალ ბილიკზე დრამატურგი პოგოდინი გამოჩნდა  (მისი აგარაკი იქვე იყო).  დაბალი ტანის ჩაფსკვნილი.  იგი მაგრა ნასვამი ჩანდა,  ბუღასავით თავდახრილი ბარბაცით მოდიოდა,  ტიროდა და მთელი სახე; მარტო ლოყები კი არა შუბლიც სველი ჰქონდა.  არავისთვის შეუხედავს,  სახლში შევიდა,  ცოტა ხანს იქ დაჰყო,  მერე გამოვიდა,  ისევ რაეული ნაბიჯით ეზო გადაჭრა და წავიდა...
კვლავ გაიჯახუნა ჭიშკარმა და ეზოში სვიატოსლავ რიხტერი შემოვიდა. და დაიწყო სასწაული!
მდუმარე სახლის ფართოდ გაღებული ყველა კარ-ფანჯრიდან როიალის სამგლოვიარო ხმები  გადმოიღვარა...  გადმოიღვარა კი არა,  გადმოსკდა,  გადმოიფრქვა,  გადმოჩუხჩუხდა,  როგორც ნიაღვარი და ერთიანად წალეკა იქაურობა! ეს იყო რაღაც ჯადოსნური კონცერტი,  ჭირისუფლის მოთქმას რომ ჰგავდა და მან,  ამ მუსიკამ,  დაატყვევა,  დაიმონა,  დაიმორჩილა ჩვენი გულები,  რადგან მის ჰანგებში თითოეული ჩვენგანის გულისთქმა იყო ჩაქსოვილ!..
სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ და ერთმანეთის მიყოლებით შეუსვენებლად უკრავდა რიხტერი,  შოპენის,  შუმანის, რახმანინოვის,  სკრიაბინის,  ბეთჰოვენის,  ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს და ჩვენ ვიდექით და ვუსმენდით.
ალბათ,  არცერთ მუსიკის მოყვარულს დედამიწაზე არ ღირსებია ასეთი საკვირველი კონცერტის მოსმენა!..
მერე რიხტერი წავიდა.
მსუბუქი ნაბიჯით,  ზღაპრული ქვეყნიდან მოვლენილი ორფეოსივით,  ამ ხანდაზმულმა ჭაბუკმა კიდევ ერთხელ ჩაგვიარა და გაქრა ისე,   თითქოს მზის სხივებში გაუჩინარდა...
რამდენიმე დღის შემდეგ პასტერნაკი პერედელკინოს ეკლესიის ახლოს დაასაფლავეს.  დაკრძალვას უამრავი ხალხი ესწრებოდა: გულწრფელად დამწუხრებულებიც და ცნობისმოყვარენიც, რომელთა შორის თვალშისაცემად ჩანდნენ უცხოელი დიპლომატები, ჟურნალიტები და აგრეთვე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სხვადასხვა ჯურის საუწყებო პირები...
იყვნენ აქ საქართველოს წარმომადგენლებიც -  პასტერნაკის მეგობარი პოეტების ცოლები,  რომლებიც თავიანთი ქმრების მაგივრად ჩამოვიდნენ...
და იყო,  რასაკვირველია,  დიდებული ჭირისუფალი ნინო ტაბიძე,  რომლის მეუღლეს,  ტიციანს,  ვაი,  რომ მართლა არ შეეძლო მოსკოვში ჩამოსვლა და თავისი რუსი ძმის,  ბორის პასტერნაკის დატირება...

ჩემი აღსასრულის რეპეტიცია

რადიო მოთხრობა

ამ ბოლო ხანს, მემუარების წერა დავიწყე და მათ ჩემი ერთი ლექსის სახელწოდება დავარქვი: ”ვაპირებ ცხოვრებას”. ეს ფრაზა საყვარელ პოეტს, ბორის პასტერნაკს დავესესხე...  გახსოვთ გენიალურად ამბობს ექიმი ჟივაგო: ”ადამიანი იბადება იმისთვის, რომ იცხოვროს და არა ემზადებოდეს ცხოვრებისთვისაო?” (ალბათ ამ სიტყვებმა გააცოფა ყველაზე მეტად საჭოთა ხელისუფალნი, ასე რომ შეუტიეს პასტერნაკის რომანს და სასიკვდილოდაც გაიმეტეს ავტორი:  კომუნისტები ხომ სულ რაღაც “კომუნიზმს” აშენენებდნენ იმ ფაქტიურ “სამოთხეში” ცხოვრებისათვის ჰყავდათ გამეტებული საბჭოთა კავშირის მოსახლეობა!)... ჰოდა, მეც, როგორც საბჭოთა მოქალაქე, მთელი ჩემი დღე და მოსწრება, სულ იმ “კომუნიზმში” ცხოვრებისათვის “ვემზადებოდი“ და ისე დავბერდი, რომ ვერ დავიწყე ნორმალური ადამიანური არსებობა:  ვერც იმედები ავისრულე, ვერც ის მოწოდება გავამართლე, რისთვისაც გამაჩინა მამაზეციერმა...  მოკლედ, ვერ შევიქმენი ისეთი ბიოგრაფია, მე რომ მინდოდა...
ჩემი ე. წ.  “მემუარები” დავამთავრე და წიგნადაც გამოვეცი, მაგრამ იქ ერთი თავი მაინც დამრჩა დაუწერელი და აი, ახლა გიამბობთ.  ამ ჩემს მოგონებას ალბათ “როგორ ვკვდებოდი” უნდა ეწოდოს, ანდა “ჩემი სიკვდილის გენიალური რეპეტიცია”...  რეალური ამბავი და რა სახელწოდება უფრო მოუხდება, მკითხველმა თვითონ განსაჯოს.
ბავშვივით ცნობისმოყვარე კაცი ვარ, მოხეტიალე და თავგადასავლების მოყვარული და მაშინ ალბათ 50  წლისა თუ ვიქნებოდი, როცა ბალტიისპირეთში მოვხვდი.  იქ მწერალთა სახლია პატარა დაბაში, რომელსაც “დუბულტი” ჰქვია.  საოცარი ლანდშაფტი აქვს ამ დაბას:  ზღვა ძალიან მეჩხერია, ნახევარი კილომეტრიც რომ გაიარო, მუხლებამდე გწვდება წყალი, მაგრამ ძალიან ვრცელი სივრცე იშლება ნაპირიდან ჰორიზონტამდე...  ჩვენი შემოქმედებითი სახლი – 16-სართულიანი გიგანტიც ზღვის პირას დგას.  ოთახი სადღაც მეთორმეტე სართულზე მქონდა, მარტო ვიყავი, ჩემები მოსკოვში დარჩნენ.  ვსეირნობდი, ვფიქრობდი, ცოტ-ცოტას ვწერდი, ცურვა არ ვიცი და პლაჟზე ნაკლებად გავდიოდი, ბინოკლი მქონდა და აივნიდან  ვათვალიერებდი იქ შეკრებილ ნახევრაშიშველ ქალებს, რათა მათში, ჩემი შესაფერისი საკბილო ამომერჩია.  თუმცა ქალების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდი....  ერთი სიტყვით, ჩემს ნებაზე დროს ვატარებდი:  ვსვამდი, ღამეებს თეთრად ვათენებდი და...  ეტყობა მეტისმეტაი მომივიდა, ერთ დღეს გულმა ძალიან შემაწუხა! ისე ცუდად გავხდი, ადგილს ვეღარ ვპოულობდი:  ხან დავწვებოდი, ხან ავდგებოდი, რაც კი წამლები მქონდა, ყველა დავლიე, მაგრამ არაფერმა მიშველა, გული ლამის ყელში მებჯინებოდა და საშინლად მტკიოდა...  წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა:  ღამის ორი საათია, მარტო ვარ უცხო ქვეყანაში, აგვისტოა და ცხელა, დახუთული ჰაერია, ზღვიდან ნიავიც არ ქრის და ვატყობ, ვკვდები...
არადა, გაგონილი მქონდა:  გულის შეტევის დროს მთავარია არ შეგეშინდეს, რაღაც უნდა მოიმოქმედო, არ დანებდე უილაჯობის გრძნობას, მე კი პანიკურმა შიშმა ამიტანა, რადგან სრულიად მარტო ვიყავი და მშველელი არავინ მეგულენოდა...  გამოვედი ოთახიდან და კიბეს დავუყევი, ლამის ფორთხვით ჩავაღწიე ძირამდე (კიდევ კარგი, შენობის კარი ღია დამხვდა) და პლაჟზე გამოვედი.  იქ სრული სიბნელეა, ერთი ნათურაც არ ანთია, ერთი სკამი ან რაიმე ჩამოსაჯდომი არ ჩანს.  ბალტიისპირეთი ქობულეთი არ გეგონოთ-მშრალი და ქვიანი ნაპირი იყოს, აქ ტალახივით ნესტიანი ქვიშაა.  ძლივსძლივობით მივფორთხავ, წინ მივიწევ თავდახრილი, ვიცი, თუ გავჩერდები, წავიქცევი და ვეღარ ავდგები.  გარშემო არც ბუჩქია, არც ხე.  ერთ მხარეს უკბილო მოხუცივით მოჩიფჩიფე უზარმაზარი ზღვაა, მეორე მხარეს კი სანატორიუმების ყრუ კედლებია აღმართული და უცებ, ჩემდა საბედნიეროდ, მოშორებით მერხი დავინახე, ძლივს მივლასლასდი იქამდე, გადავესვენე მერხზე, ფეხსაცმელიც გავიხადე, რომ გახურებულ ტერფებს სიგრილე ეგრძნოთ და თავი რომ ავწიე და ზემოთ ავიხედე...  ღმერთო ჩემო, სასწაული დავინახე:  ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა! ასეთი რამ მანამდე არსად და არასდროს არ მენახა:  ნაპირიდან ჰორიზონტამდე მთელი სივრცე გაჭედილი იყო მოკაშკაშე მნათობებით, თანაც ისე მჭიდროდ, რომ ვარსკვლავსა და ვარსკვლავს შუა ცხენის ძუა არ ჩაეტეოდა.  ეს იყო ერთი მთლიანი ვარსკვლავების მოზაიკა...  სანახაობა ღვთის მიერ მოგონილი და შექმნილი!..  
ყველაფერი დამავიწყდა:  გულის ტკივილიც, მაცოცხლებელი კუნთის უმწეო ფართხალიც მკერდის არეში, და რაც მთავარია შიშიც, ჩემი აღსასრულის პანიკური შიშიც გამიქრა ამ ხელთუქმნელი სილამაზის წინაშე! უძრავად ვესვენე მერხზე, მივჩერებოდი ცას და აღარ მახსოვდა ვინ ვიყავი, როგორ ვგრძნობდი თავს, სად იყვნენ ჩემი ახლობლები, ცოლი, შვილები, მეგობრები და საერთოდ სად იყო ჩემი სახლი ან ჩემი სამშობლო...  და უცებ გავბრაზდი საკუთარ თავზე და შევუტიე:  რა მოგივიდა, შე ოხერო, - ვუთხარი- რას დაჰკანკალებ შენს უბადრუკ სიცოცხლეს? განა ცოტა გიცხოვრია ამ ქვეყანაზე? ცოტა რამ გინახავს, ცოტა რამე გიგრძვნია? რამდენი შენზე ბევრად უკეთესი და საყვარელი ადამიანი და მეგობარი გაისტუმრე იმქვეყნად, აბა გაიხსენე?! მამა გიცხონდა, შენც გადაბრუნდები, რა მოხდება:  დაიქცევა ეს ქვეყანა, გაქრება ეს ზღაპრული სილამაზე ახლა რომ უყურებ? მას ხომ სხვები შეხედავენ, შენი შვილები და შვილიშვილები?!
ისევ და ისევ შევცქეროდი ვარსკვლავებით გაჩირაღდნებულ ცას და ვტკბებოდი მისი სიდიდით და უსაზღვროებით და რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი, მით უფრო უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა ჩემი სიცოცხლეც და სიკვდილიც და თანდათან დიადი სიმშვიდე ეუფლებოდა მთელ ჩემს არსებას...  ამ ფიქრებში ვიყავი და შეუმჩნევლად ტკივილმა გამიარა, დავწყნარდი, გული საგულეში ჩადგა და თქვენ წარმოიდგინეთ, ავღიღინდი კიდეც...  მერე ავდექი და სახლისკენ გავწიე, რათა მეორე დღესაც გამეგრძელებინა ჩემი ყალთაბანდური, პოეტური ცხოვრება.

 

 

“უნახავმა რა ნახაო…”
ანუ
ამერიკული შთაბეჭდილებები
(გაურკვეველი ნარკვევი)

 

*
იმ დღიდან, რაც შეერთებულ შტატებში ჩამოვედი, სულ ვფიქრობ: `ღმერთო, მოგვეცი ჩვენც, ქართველებს ასეთივე ცხოვრება (მე მხედველობაში მაქვს მატერიალური დონე და ის ფუფუნება, რასაც ადამიანს განვითარებული ტექნიკა უქმნის!). რა ბედნიერები ვიქნებოდით, რა ნოყიერი ნიადაგი ექნებოდა ჩვენს ნიჭს, ყველა ჩვენს შესაძლებლობას! ჩვენ ხომ მართლა კარგი ხალხი ვართ: ოჯახიც გვიყვარს, ნათესავიც, მეგობარიც, კარის მეზობელიც კი ახლობლად მიგვაჩნია! მოყვასთან ურთიერთობა ჩვენი უპირველესი სულიერი მოთხოვნილებაა, ამის გარეშე ქართველ კაცს არსებობა არ შეუძლია! მიუხედავად იმისა, რომ დრო გაფუჭდა, პირადად მე ბევრი ნაცნობი და უცნობი ქართველი მეგულება, ვინც საზოგადოებრივ მოღვაწეობას ყოვლად უანგაროდ ეწევა. აქ კი, ამერიკაში, სულ სხვანაირი ხალხია. მეგობრობას ისინი “პარტნიორობას”  უწოდებენ. თუ ამერიკელი ბიზნესმენი ან სახელმწიფო მოხელე ადამიანთან საქმიანი ინტერესით არ არის დაკავშირებული, მასთან ურთიერთობა დროის დაკარგვად მიაჩნია. დრო კი, მათი გაგებით, ფულია და მისი გამოყენებაა საჭირო! დიახ, უანგაროდ, უმიზეზოდ, უბრალო სიმპათიის გამო აქ არავინ არავის დაუახლოვდება! უდარდელი დროსტარება აქ ყოვლად წარმოუდგენელია! ერთად თუ შეიყრებიან და სადმე რესტორანში წავლენ, - მეგობრები კი არა, თანამშრომლები ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებული ხალხი უნდა იყოს. იქაც, სუფრასთან, ძირითადად, საქმეზე საუბრობენ, უქმად რომ არ ჩაიაროს მათმა შეხვედრამ და რაიმე ხელსაყრელი შედეგი გამოიღოს...
...და კიდევ, საკუთარ ჯანმრთელობაზე გადაყოლილი ზრუნვით გამოირჩევიან ამერიკელები! ექიმებთან განუწყვეტელი კონსულტაციები, სმა-ჭამის რეჟიმის დაცვა, თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა და ა.შ. არსად სხვაგან ასეთი რამ არ შემხვედრია!...
...ვინც ამ ჩემს ნარკვევს წაიკითხავს, ალბათ, მისაყვედურებს, რომ ამერიკის ღირშესანიშნაობებს კი არ ვათვალიერებდი (ცათამბჯენებს, მუზეუმებს, ძეგლებს, თეატრებს, გამოფენებს), არამედ უფრო ადამიანებსა და მათი ცხოვრების წესს ვაკვირდებოდი. ეს მაინტერესებდა. მე და ჩემმა თაობამ საბჭოთა კავშირში ისეთ არაადამიანურ პირობებში გავატარეთ ცხოვრება, რომ ჩემი ინტერესი 21-ე საუკუნეში ფეხგადადგმულ ამერიკისადმი სავსებით გამართლებულია
...ნიუ-იორკში, ჰუძონის ქვეშ გაყვანილი 14-კილომეტრიანი გვირაბიდან რომ ამოხვალთ, მანჰეტენის შუაგულში აღმოჩნდებით, მანამდე კი თქვენს თვალწინ ცათამბჯენების გადასარევი პანორამა იშლება. ღმერთო ჩემო. რამდენი სისულელე არ წამიკითხავს საბჭოთა პრესაში ამ ცათამბჯენების შესახებ?! არადა, ასეთი ლამაზი სანახაობა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს! კავკასიონის ქედს რომ უყურებ თვითმფრინავიდან ან სხვა მაღალი წერტილიდან, სწორედ ისაა ნიუ-იორკის ცენტრში განლაგებული მანჰეტენი!
...მაგრამ ამერიკა, ჩემი შთაბეჭდილებით, მაინც ცათამბჯენის კი არა, ორ-სამსართულიანი სახლების ქვეყანაა (ამაზე ილფი და პეტროვიც წერდნენ!) და კიდევ, გადასარევი ავტოსტრადების - საავტომობილო გზების სახელმწიფოა! ეტყობა, ამერიკელებმა ჯერ თავიანთი საცხოვრებელი სივრცე მოაწყვეს, ლამაზი და მოხერხებული კოტეჯები დაიდგეს, მერე კი, მსოფლიოს გასაკვირვებლად, ცაში სართულები აისროლეს და, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ღმერთს ფეხისგულები დაფხანეს”? მათი გზები – იგივე ცათამბჯენია, ოღონდ მიწაზე გართხმული!

 

*
მე უკვე გითხარით, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ადამიანი მომავლის იმედით და ოცნებით კი არ ცხოვრობს “აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია”-ო, ჩვენ რომ ვმღერით), დაუყოვნებლივ ახორციელებს იმას, რაც დღეს სჭირდება. მე ვგულისხმობ კარგად მოწყობილ ყოფას, ყოველდღიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და სხვა. მაგრამ ამგვარმა მუდმივმა სწრაფვამ კეთილმოწყობილი ცხოვრებისაკენ რიგითი ამერიკელი შეძლებული ცხოვრების მძევლად გახადა, იგი იძულებულია ავანსად მიღებული კეთილდღეობა დაუღალავი შრომით გამოისყიდოს. დიახ, თავაუღებელი, გამანადგურებელი შრომით! ეს კი თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, რადგან გულისხმობს აღებულ ვალდებულებათა აუცილებელ და დროულ შესრულებას! ამერიკელი სულ რაღაცა გადასახადებს იხდის და სულ მუდამ ყელამდე ვალებშია ჩაფლული! ღმერთი-რჯული, არ ვინატრებდი ასეთ ცხოვრებას!.. პრაქტიციზმი ამერიკელებს ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი და მე უკვე რამდენი ხანია აქ ვარ, მაგრამ ჩემსავით არაპრაქტიკული, იდეალისტი კაცი, რომელიც თავის 12-ლარიანი პენსიით კმაყოფილდება, ჯერ არ შემხვედრია! ჩემს შემოსავალზე რომ მეკითხებიან, არ ვპასუხობ, რადგან ვიცი, ხუმრობა ეგონებათ და გაიცინებენ...

 

*
მაინც კარგია, რომ ამერიკაში ჩამოვედი! აქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მატერიალური კეთილდღეობა ადამიანის ბედნიერების საფუძველი არ არის. კეთილდღეობას კაცი ისევე მალე ეჩვევა, როგორც სიდუხჭირეს. ადამიანი სხვა რამისათვის არის გაჩენილი. მირჩევნია, გაცილებით უფრო ღარიბად ვიცხოვრო, მაგრამ იმ სულიერ კმაყოფილებას განვიცდიდე, რასაც ჩემს გაჭირვებულ სამშობლოში, ჩემს ღარიბ ოჯახში ვღებულობ და ის ურთიერთობა მქონდეს ადამიანებთან, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შემიძლია! არა, არავითარ შემთხვევაში არ არის ცხოვრების მიზანი - მატერიალური დოვლათის შექმნა და დაგროვება და, ალბათ, ამაშია მარქსიზმისა და კომუნიხტების უდიდესი შეცდომა!
ამერიკელთა უმრავლესობის - ბიზნესმენების, სახელმწიფო მოხელეების და სხვადასხვა პროფესიის ხალხის - სულიერი სიღატაკე მით უფრო აშკარად ჩანს, რაც უფრო ტექნიკურად განვითარებულ პირობებში ცხოვრობენ, რაც უფრო მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან! “ჩემს სახლში რომ მოხვალთ და სასწორზე აიწონებით, დაკუზვა არ დაგჭირდებათ სასწორი თვითონ გეტყვით - რა სიმაღლისა ხართ და რამდენს იწონით!” - იკვეხნიდა ერთი ბიზნესმენი, ვისთანაც სტუმრად დამპატიჟეს. მივედი და, მართლაც, იატაკის სასწორში ჩამონტაჟებულმა უხილავმა მიკროფონმა ზუსტი ცნობები მომაწოდა ჩემი სიმაღლისა და წონის შესახებ!.. ასეთია ეს ქვეყანა, დაკუზვაც ეზარებათ ტექნიკით განებივრებულ ამერიკელებს!
ამიტომ რა გასაკვირია, რომ ამდენი მსუქანი კაცი და ქალი, რაც ამერიკაშია, სხვაგან არსად შემხვედრია, - არც ჩვენთან, არც ევროპაში, - და ეს მაშინ, როცა არავინ ისე არ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, როგორც ამერიკელები!
ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში უამრავი წიგნის მაღაზიაა. ხალხიც ბევრია შიგ, მაგრამ წიგნს, როგორც ასეთს, მით უმეტეს მხატვრულ ლიტერატურას, მგონი, არავინ კითხულობს. ტყუილად კი არ ტრაბახობდა საბჭოთა კავშირი თავისი `მასობრივი მკითხველით~. ალბათ, ყველას ახსოვს მოსკოვის მეტრო, სადაც კაციშვილს ვერ ნახავდი, რომ წიგნი არ სჭეროდეს ხელში. ამერიკაში ასეთ რამეს იშვიათად ნახავთ.ესენი ძირითადად გაზეთებს კითხულობენ და ტელევიზორს უყურებენ. გამოწერილი აქვთ ცნობარები, სადაც წერია, რომელ მაღაზიაში რა იყიდება და რამდენი ღირს, ბირჟაზე როგორი კურსი აქვს დოლარს. Qქალები მოდის ჟურნალებს ათვალიერებენ, კულინარიის ახალ მიღწევებს ეცნობიან, მაგრამ სად არიან ამ დროს ფოლკნერი, ჰემინგუეი, სტეინბეკი, აპდაიკი, თუნდაც მარკ ტვენი? სად არის ამერიკული კულტურა, რომელსაც ჩვენ, ყოფილი საბჭოთა ხალხი, თვითონ ამერიკელებზე უკეთესად ვიცნობთ?
ერთხელ მე და ტომა სტუმრად წავედით. ერთი შეხედვით, კულტურულ ოჯახში მოვხვდით: მდიდრულად მორთულ ბინაში წიგნებით სავსე კარადებიც იდგა, როიალიც იყო და კომპიუტერიც. ჩემმა შვილმა ოჯახის უფროსს, 60 წლის ბიზნესმენს უთხრა: მამაჩემი ახლახან რუსეთიდან ჩამოვიდა, იქ ცხოვრობდა და მუშაობდაო... ბიზნესმენმა გაიღიმა და იკითხა: `მამათქვენი, ალბათ, ხშირად შეხვედრია ლევ ტოლსტოის, უსაუბრია კიდეც მასთან?!~ კარგია, რომ ინგლისური არ ვიცი, თორემ ხმამაღლა გავიცინებდი!

 

*
ჩემი სიძის, ვალოდიას ოჯახი ნიუ-ჯერსის შტატში, პატარა ქალაქ მაუნტენსაიდში ცხოვრობს. მაუნტენსაიდი ინგლისურად, მგონი `მთის ფერდობს~ ნიშნავს და ტყეებით არის გარემოცული. ჩვენი სამსართულიანი შენობა ქალაქის განაპირას დგას. ამასწინათ აივნიდან ირმების ჯოგი დავინახე, ცხოველები ბალახს ძოვდნენ. ულამაზესი ნუკრი თავის დედიკოს ახლდა და კუდს სასაცილოდ აქიცინებდა. მე და ტომა ჩუმად ვუთვალთვალებდით ირმებს, მერე კატინემ მოირბინა და ყვირილი მორთო. ცხოველები დაფრთხნენ და ბუჩქნარში გაუჩინარდნენ... ჩვენი სახლის წინ, ქუჩის მხარეს, სადაც დილაობით ბალახს ვრწყავ, ბევრჯერ მსუქანი და ბაჯბაჯა მაჩვიც მინახავს. ფრინველებიც ბევრია აქ და ნაირ-ნაირი პეპლებიც. თვითონ ტყე კი უდაბურია და, თუმცა კულტურულად “პარკს”  უწოდებენ, იქ არავინ სეირნობს, არც სოკოს კრეფენ... ტომამ მითხრა, ერთხელ ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან ფუტკრისხელა ჩიტი დავინახეო, ჭრელი იყო და ძალიან გრძელი ნისკარტი ჰქონდაო. “იქნებ კოლიბრი იყო?” - გავიფიქრე, რადგან ამერიკაში ყველაფერი მოსალოდნელია. თან ისიც ვიცოდი, რომ ნიუ-ჯერსი თურქეთის პარალელზე, ლამის ტროპიკულ ზონაში მდებარეობს...
გუშინ ოციოდე კილომეტრით გავცდით სახლს და ყვავილების მაღაზიაში ვაშლისა და ატმის ნერგები ვიყიდეთ. მე და ვალოდიამ ეზოში დავრგეთ. თუ გაიხარა, ჩემს სახელზე გაიხარებს და ჩემს შვილს და შვილიშვილებს ჩემს თავს გაახსენებს... ჩვენი სახლის  წინ აგვისტოს მზემ ბალახი გადაწვა და ვალოდიამ გადაწყვიტა მიწის მწვანე საფარის განახლება. ვიფიქრე, ალბათ, ნიადაგს დაბარავს და, როგორც ჩვენში იციან, კოინდარს დათესავს-მეთქი. არაფერიც მაგისთანა! იმავე ყვავილების მაღაზიაში 5-7 სანტიმეტრის სისქის მიწის საფენი შევიძინეთ ზედ ამოსული კოინდრით. იგი, სატელეფონო კაბელის მსგავსად, ვეებერთელა ხის კოჭზე იყო დახვეული და სატვირთო მანქანით მოგვართვეს სახლში. მერე მუშები მოვიდნენ, ძველი საფარი მიწას სუფრასავით გადახადეს და ახალი დააფინეს!

 

*
უკვე ათი დღე დარჩა ჩემს გამგზავრებამდე. ერთი სული მაქვს, სანამ თბილისში დავბრუნდები. აღარ მინდა არც ამათი მაძღარი ცხოვრება,  არც ამათი ტექნიკური საკვირველებანი და არც სიმშვიდე, რაც აქ სუფევს. მენატრება ჩემი ცოლ-შვილი და, რაოდენ ბანალურიც უნდა იყოს, რუსთაველის პროსპექტზე ფეხით გასეირნება...

 

*
ღამის ორი საათია და არ მძინავს. გარეთ საშინლად წვიმს, ნამდვილი თავსხმაა! ნეტა რა ხდება ახლა თბილისში? როგორ არიან ჩვენები? მათ რაღაცეების ყიდვა დამაბარეს და სწორედ დღეს ყველაზე დიდ სუპერმარკეტში ვიყავი, სადაც ყველაფერი იყიდება - საქონელიცა და სურსათიც. მაღაზიაში სამშენებლო მასალების განყოფილებაცაა და იქით გავეშურე, რომ გოგიასთვის წებო მეყიდა. “კარგი წებო ჩამომიტანე, ისეთი, ყველაფერს რომ აწებებს”, - დამაბარა ბიჭმა. წებოების მეტი აქ რა არის: წებო, რომელიც ქაღალდს, მუყაოს, ხეს, ბამბას, კერამიკას, ლითონს, ასე გასინჯეთ, რკინა-ბეტონსაც აწებებს! აირჩიე, რომელიც გინდა! მეც ვარჩიე, ვარჩიე და ბოლოს “ქრეიზი გლუ”  ვუყიდე, რაც ინგლისურად “გადარეულ წებოს”  ნიშნავს! ინსტრუქციაში, რომელიც ტომამ მითარგმნა, ეწერა, რომ ეს წებო ნებისმიერ მასალას აწებებს, თან განუსაზღვრელი ვადით (მარტო ეს რეკლამა რად ღირს!). მე მგონი, გოგიას გაუხარდება...
კატინე შიგადაშიგ ინგლისურს მასწავლის.  მე ქართულ სიტყვებს ლათინური ასოებით ვუწერ და მიხარია, როცა ყოველ დილით, სამზარეულოში შემოსული, დილა მშვიდობისაო მეუბნება.  მეც, ალბათ, მალე ინგლისურად დაველაპარაკები, რადგან უკვე ვიცი ერთი სიტყვა: `ქრეიზი გლუ~! მაინც რატომ ამეკვიატა ეს “გადარეული წებო”? იქნებ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არაჩვეულებრივია და სულ არ ჰგავს იმას, რაც მანამდე მინახავს?!

 

*
ნიუ-იორკში ე.წ. “რუსული რადიო”  არსებობს, რაც ფაქტობრივად ებრაული რადიოა. ასევეა რუსული გაზეთიც “ნოვოე რუსკოე სლოვო”, სადაც რუსულად დაბეჭდილ მასალას აშკარად გამოკვეთილი ებრაული აქცენტი აქვს.
რუსულ რადიოს ხელმძღვანელობს ვინმე იოსიფ საცი - ჩემი მოსკოველი მეგობრის, გრიშა გორინის ნაცნობი. რამდენჯერმე დავურეკე ამ კაცს (თუ საცს?) მაგრამ ადგილზე არ დამხვდა. მინდოდა რადიოთი გამოვსულიყავი და ჰონორარის მსგავსი რაღაც მიმეღო, რადგან ამ ხნის მწერალს ცოტა მრცხვენია, რომ ნათესავების კმაყოფაზე ვიმყოფები... იოსიფ საცის პიროვნების შესახებ კი იმაზე უკეთესს ვერაფერს გეტყვით, რაც ტელეფონში მისი “ავტომოპასუხისაგან” მოვისმინე:
“Братья и сестры! дамы и господа! Это Иосиф Сац. Я перезвоню вам, только вы, пожалуйста, оставьте ваш телефончик или какую-нибудь другую весточку... всегда к вашим услугам, Иосиф Сац!”
იოსიფ საცი საკმაოდ ყურადღებიანი ვინმე გამოდგა. გორინის წერილი რომ გადავეცი, ხელად პროგრამაში შემიტანა და მეორე დღისათვის დანიშნა ჩემი რადიოგამოსვლა: “ქართველი პოეტი მიკროფონთან”. მივედი. ყურებზე ვეება “ნაუშნიკები”  ჩამომაცვეს და საცმა გამაფრთხილა: “მხედველობაში იქონიეთ, ეს გადაცემა ღია ეთერში მიდის, თქვენ მთელი ამერიკა გისმენთ!”  ჩართეს მიკროფონი და მე მოვახსენე “მთელ ამერიკას”  აფხაზეთის ამბების შესახებ, შევარდნაძესაც ორიოდე სიტყვა შევაწიე და იმედი გამოვთქვი, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველო გაჭირვებას თავს დააღწევს და მსოფლიო ასპარეზზე გავა... ორმოც წუთამდე ვილაპარაკე. მერე დაველოდე რადიომსმენელთა შეკითხვებს. კარგა ხანი არავინ ხმას არ იღებდა, ბოლოს, ვიღაცამ მკითხა: “როგორ ცხოვრობენ თბილისში ებრაელები?  ამბობენ, რომ მათ დევნიან და ავიწროებენ, მართალია?”  მე ვუპასუხე, რომ ამჟამად ებრაელები თბილისში ისეთსავე გაჭირვებას განიცდიან, როგორსაც ქართველები, თათრები, ბერძნები, რუსები, ქურთები, იეზიდები და სხვა ეროვნების ლაყ წარმომადგენლები, ანუ მთელი თბილისის მოსახლეობა... სხვა შეკითხვები არ ყოფილა...
ამ ორმოცწუთიან საუბარში, ჩემდა გასაკვირად, 50 დოლარი გადამიხადეს (მე მგონი, ესეც საინტერესო იქნება ჩემი მკითხველისათვის).

 

*
მე და ვალოდიამ ამას წინათ ჩვენი სახლის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ: სარეველა ბალახი გავკაფეთ, ხეებს ხმელი ტოტები შევაჭერით, ორმოები მიწით ამოვავსეთ და გავასწორეთ. ვალოდიამ ყვავილების ჩითილები მოიტანა და გაზონებში დავრგეთ. ეს წვრილმანი საქმეები ხალისს მმატებს და სამშობლოზე დარდს მიქარვებს. ვალოდია მუდამ დაკავებულია და მე და ტომას საკმარისი დრო გვაქვს სასაუბროდ. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ამდენი არ მილაპარაკია ჩემს შვილთან. რაზე აღარ ვსაუბრობდით? ცხოვრებაზე, ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე, თეატრზე, მოდაზე... მიხარია, რომ ეგეთი ჭკვიანი გოგო მყავს - მოსიყვარულე და კეთილი. მახსოვს, საწყალი დედაჩემი საავადმყოფოში რომ კვდებოდა, - მაშინ ის ტომაზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, - ჩემზე ანიშნა ექიმს და უთხრა: ვკვდები, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამისთანა ბიჭი გამეზარდაო... მეც ამასვე ვიტყოდი ჩემს შვილზე.

 

*
ჯანმრთელობის მხრით ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ! ტომა სულ თავზე მევლება, აღარ იცის რით მასიამოვნოს: ხან თავისი ბიბლიოთეკიდან  უცნობი მწერლის წიგნს მომცემს, ხან თანამედროვე მუსიკას მომასმენინებს, ხან ეგზოტიკური კერძით გამიმასპინძლდება... თან სულ ჭკუას მარიგებს, როგორ უნდა მოვიქცე და ვიკვებო, რომ დიდხანს ვიცოცხლო. პაპიროსის წევას მაინც ვერ გადამაჩვია და ვეწევი გადასარევ ამერიკულ სიგარეტებს, რომლის მსგავსი არც მოსკოვში, არც თბილისში არ მომიწევია! შაბათობით ორივენი “სუპერმარკეტში”  მივდივართ მთელი კვირის სამყოფი სანოვაგის საყიდლად. თუ კატინეც ჩვენთან არის, აუცილებლად `მაკდონალდსში~ შევისეირნებთ, რომ უგემრიელესი შემწვარი კარტოფილით და ნაყინით ვისიამოვნოთ... მოკლედ, სამოთხეში ვარ! ტყუილად კი არ დავარქვი ჩემს ნარკვევს “უნახავმა რა ნახაო?!”  განსაკუთრებით “სუპერმარკეტები”  მაგიჟებენ! ყველაფერი არის, რასაც ადამიანი ინატრებს! შიგნით, მაღაზიაში, ერთ გამყიდველსაც ვერ ნახავთ: მხოლოდ თაროებია და მათზე გამოფენილი საქონელი. კულინარიის განყოფილებაში, ვიტრინებს შორის, მაგიდებია ჩარიგებული, სადაც მყიდველს შეუძლია გემო გაუსინჯოს პროდუქტს, რომლის შეძენასაც აპირებს. თუ პროდუქტი ცივად იჭმება, მაცივრიდან ამოგიღებენ, თუ გაცხელებას საჭიროებს, გაგიცხელებენ, თან გამაგრილებელ წყალსაც მოგართმევენ, რომ ყელზე არ დაგადგეს... ამაში ფულს არ გახდევინებენ. ასე რომ, თუ თქვენ გშიათ, საჭმელს ნუ იყიდით, მუქთად დანაყრდით, სანამ მაღაზიაში იმყოფებით (ეს, რასაკვირველია, ჩემისთანა “უნახავებს”  ეხება, თორემ ადგილობრივი მოსახლეობა ასე არ იქცევა!).

 

*
ნიუ-იორკში ერთი უბანია, `ბრაიტონ-ბიჩს~ ეძახიან. - ეს საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ემიგრანტების რაიონია. ადრე აქ ზანგები ცხობრობდნენ, მაგრამ ახალჩამოსულები იმდენად აგრესიულები აღმოჩნდნენ, რომ შეავიწროვეს და განდევნეს შავკანიანი მოსახლეობა. “ბრაიტონ-ბიჩში”  რომ მოხვდები, შენი თავი ოდესაში ან გომელში გეგონება: ვიწრო, დანაგვიანებული ქუჩები, ყველგან რუსული წარწერები, ებრაული აქცენტით მოყაყანე ბრბო... ქუჩებში იმდენი ხალხია, თავისუფლად ვერ გაივლი!..
საბჭოთა რეჟიმის ნოსტალგიით დაავადებული კაცი “ბრაიტონ-ბიჩში”  ხელად განიკურნება: აქ მისთვის ყველაფერი ნაცნობი და მშობლიურია: გრძელი რიგებიც, გამყიდველებიც, უხეშობაც, ლანძღვა-გინებაც (განსაკუთრებით, რუსული დედის გინება!). აი, სად უნდა დაასახლო დღევანდელი კომუნისტები: ამხანაგი ზიუგანოვი და ბატონი პანტელეიმონი! არც სხვებს აწყენდა ამ “სამოთხეში”  ყოფნა, რომ ცოტა ჭკუაზე მოსულიყვნენ...
ორი დღის წინ ჩემს სიძეს რაღაც წვეულება ჰქონდა და მე და ტომა `ბრაიტონ-ბიჩზე~ წავედით დელიკატესების საყიდლად. ტომამ თქვა, იქ კარგი ქაშაყი და სოკოს წნილი იყიდებაო. “სელიოდკა”  და “გრიბოჩკები”  ხომ რუსული სუფრის მშვენებაა!.. მაღაზიას რუსულად გასტრონომი ეწერა. შიგნით ხალხის ტევა არ იყო. ამერიკაში რიგები არ მინახავს, აქ კი ისეთი ორომტრიალი იდგა, გეგონება, ომი დაიწყო და მოსახლეობა პროდუქტებს იმარაგებს, რომ შიმშილით არ ამოწყდესო! ტომამ ერთ რიგში დაიკავა ადგილი, მე მეორეში ჩამაყენა, სალაროსთანაც გავაფრთხილეთ ხალხი... მოკლედ, მშობლიურ სტიქიაში ვიგრძენი თავი, თითქოს მოსკოვში ან თბილისში ვიმყოფებოდი...

 

*
ჩვენს სახლთან მანქანების მოსახვევია. დილაობით, როცა ბალახს ვრწყავ, ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ მანქანას გაევლოს და მძღოლს ჩემთვის სალამი არ ეთქვას: კაცია თუ ქალია, ზანგია თუ თეთრკანიანი, სვლას შეანელებს, თავს გამოყოფს, ხელს დამიქნევს და “ჰელოუ!”  მომაძახებს. კარგია ეს! ჩვენს სოფელშიაც ასე იცოდნენ ძველად: ნაცნობსა თუ უცნობს გლეხკაცი ყველას ესალმებოდა. “სალამი ღვთისააო,” - ამბობდნენ სოფლელები. ახლა ეს წესი დაირღვა. ალბათ, იმიტომ, რომ გაუჭირდა ხალხს და ბევრ კარგ თვისებასთან ერთად ზრდილობაც დაკარგა. მაგრამ მაუნტენსაიდი ხომ ქართული სოფელი არ არის! თანამედროვე ამერიკული ქალაქია. მაშ საიდან აქ პატრიარქალური ქართული ჩვეულება? მე მგონი, პატრიარქალობა და ქართველობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამერიკელი მოქალაქე კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და ყველას მიმართ კეთილად არის განწყობილი...
როგორც ჩემმა შვილიშვილმა ანიკომ მითხრა, ამერიკაში თურმე ყველაზე უპატიებელ დანაშაულად რასიზმი ითვლება. საკვირველია, ღმერთმანი! საბჭოთა პროპაგანდა სულ იმას გაიძახოდა და სკოლაშიც ამას გვასწავლიდნენ, ამერიკა რასიზმის ქვეყანააო, “კუ-კლუქს-კლანი”  მარტო იქ არსებობსო... ანიკოს თქმით კი შეერთებულ შტატებში ადამიანის დაჩაგვრა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი შავკანიანია ან სხვა ეროვნებას ეკუთვნის, მიუტევებელ დანაშაულად ითვლება! მე მაინც მგონია, ეს უფრო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა, ვიდრე სინამდვილე. თუმცა ჩემი შვილიშვილები უპირატესად ზანგ ან კორეელ ბავშვებთან მეგობრობენ და ერთხმად გაიძახიან: ისინი, ამერიკელებთან შედარებით, უფრო `გულიანები~ არიანო! (იქნებ ქართული სისხლი ალაპარაკებთ?)
ბავშვებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი აქ ისე კარგად მუშაობს, რომ საკმარისია პოლიციელმა ქუჩაში შეამჩნიოს კაცი ან ქალი, - მშობელი, რომელიც თავის ბავშვს სცემს და ატირებს, - წესრიგის დამცველს შეუძლია იგი დააპატიმროს და პოლიციაში მიაბრძანოს! მერე სასამართლო განსჯის უფროსის დესპოტურ მოქმედებას და შესაძლოა მშობლობის უფლებაც წაართვას!

 

*
ისევ ადამიანთა ურთიერთობას მინდა შევეხო. მე უკვე გითხარით: ამისათვის ვცოცხლობ-მეთქი და ეს ლიტონი სიტყვა არ არის. ხუმრობით ბევრჯერ მითქვამს: `მარტო ნუ დამტოვებთ, ვინმესთან კონტაქტი დამამყარებინეთ და თუნდაც მაჩხუბეთ მასთან!~ ეს ქართველი კაცის პოზიციაა! ამერიკაში ადამიანთა ურთიერთობა თითქმის ყოველთვის პრაქტიკულ ინტერესს ემყარება და არა სიყვარულს, მეგობრობას, პატივისცემას და სხვა. ისინი იმდენად პრაგმატიკოსები არიან, იმდენად გამჯდარი აქვთ სისხლსა და ხორცში წმინდა მცნება `დრო ფულია~, რომ დაუკითხავად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მეგობარი მეგობართან ვერ მივა და ნათესავი ნათესავს ვერ მოინახულებს! ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან პიროვნების სუვერენიტეტის შელახვის უფლება არავის აქვს. მაგრამ რა შუაშია სუვერენიტეტი, როცა სიყვარულსა და მეგობრობაზეა ლაპარაკი?! ჩემი ღრმა რწმენით, ამ პაწაწინა პლანეტაზე ყველანი ნაცნობები ვართ (სამწუხაროდ, ჩემს მეტმა ეს არავინ იცის!) და, რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი იქნება! განა საწყენი არ არის, ისე გავატაროთ ჩვენი წუთისოფელი, რომ არ გამოვეცნაუროთ, არ დაველაპარაკოთ, ხელი არ გავუწოდოთ ერთმანეთს და დავიკლოთ ის უდიდესი სიამოვნება, რასაც ადამიანი განიცდის, როცა მოყვასს გააბედნიერებს?!

 

*
თბილისში ჩემს წასვლამდე სულ ორი დღე დარჩა. ბილეთი უკვე მომიტანეს, ბარგიც ჩალაგებულია. ხვალ უკანასკნელად მანჰეტენში გავემგზავრებით მე და ტომა. იქ ერთი მართმადიდებლური ეკლესიაა და სანთელი მინდა ავანთო. მადლობა, ღმერთს შინ ვბრუნდები! ბევრი არაფერი მიმაქვს, გარდა “გადარეული წებოსი”  (გახსოვთ “ქრეიზი გლუ”?) და დიქტოფონზე ჩაწერილი ჩემი შთაბეჭდილებებისა...
ძალიან გთხოვ, ჩემო მკითხველო, ამ ჩემი `გაურკვეველი ნარკვევის~ მიმართ მკაცრი ნუ იქნები. გავიმეორებ იმას, რაც წინასიტყვაობაში გითხარი: ამერიკა არც ქვეყანაა, არც კონტინენტია. იგი გამოუცნობი პლანეტაა, რომელიც ყოველთვის თავის ახალ აღმომჩენელს ელის. ერთი ასეთი აღმომჩენელი მეც ვარ. შევეცადე, გულწრფელად გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილებები - შთაბეჭდილება კი, მოგეხსენებათ, მუდამ სუბიექტურია.

 

*
მესამე დღეა თბილისში ვარ. ეს წუთია მაღაზიიდან მოვედი, პური მოვიტანე. ორი საათი რიგში ვიდექი, ბოლოს, ნაცნობმა ამიღო, თორემ ხელცარიელი წამოვიდოდი - პური თავდებოდა...
დღეს ჩემს სამსახურში დავრეკე და ვიკითხე, ხელფასი ხომ არ გაუდიდებიათ-მეთქი, თან დავინტერესდი: რამდენს მაძლევენ ახლა? თურმე თვეში 17 ათასი კუპონი მქონია. გამახსენდა, ტომასთან რომ ხელოსანი მუშაობდა, ერთ საათში 25 დოლარს აძლევდნენ. ერთი დღე იმუშავა და 150 დოლარი მიიღო. წარმოიდგინეთ, ერთ დღეში 150  დოლარი! ქართულ `კუპონზე~ რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, მას მისცეს 200 ათასი კუპონი. ჩემი ხელფასი კი 17 ათასი კუპონია!
რას იყიდი ამ ფულით? კილოგრამი ყველი 15 ათასი კუპონი ღირს.

 

*
უკვე წელიწადი გავიდა, რაც ამერიკიდან ჩამოვედი. ისე ჩამითრია გაჭირვებულმა ყოფამ, მგონია, საზღვარგარეთ არც ვყოფილვარ... ამას წინათ ზურაბ კვიჟინაძეც გარდაიცვალა, იმას თამაზიც მიჰყვა... ტოლ-მეგობრებიდან მართლა აღარავინ დამრჩა. ჩემი პატარა გოგიას იმედით მიდგას სული, მაგრამ როდემდე: მე უკვე სამოცდაათს გადავაბიჯე...

მე რომ მოვკვდები, შვილო, და დამაყრიან მიწას
და მიჩუმდება ხმები სამგლოვიარო მარშის,
შენ ჩემს საფლავთან მოსვლა დაგეზარება ხშირად,
რადგან ათასი საქმე გამოგიჩნდება მაშინ...
მე არ გაყვედრი ამას. მე ახლაც ვიცი, რომ შენ
არ დამივიწყებ, მაგრამ ორომტრიალში დღეთა,
თუ ჩემს საფლავთან მოსვლა დაგაგვიანდეს, ზოგჯერ
სიზმარში მაინც მნახე, რომ ვიყოთ ისევ ერთად!